თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

გოგაშვილი: ყველამ გაიგოს, რომ ISIS-ის ტერორისტების უკან იდგა და დგას ნაციონალური მოძრაობა

სოსო გოგაშვილი
ინტერპრესნიუსი

"ქვეყანას ავარიდეთ საშინელი სისხლიანი ტერორისტული აქტების სერია, განადგურდა მსოფლიოში საშიში ტერორისტები და ვინც გადაურჩა სიკვდილს, ისინი ვერ გადაურჩნენ მართლმსაჯულებას, ასე იმარჯვებს სიმართლე" - ასე გამოეხმაურა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პანკისის სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება შეწყდა.

"ახლა კი დადგა დუმილის დარღვევის დროც, მე ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტების, რომელიც გამაჩნია, რომელიც არსებობს, თარგმნას და მომზადებას ჩვენს უცხოელ სტრატეგიულ პარტნიორებზე გასაგზავნად და პირადად გადასაცემად, ვაშინგტონიდან დაწყებული ბრიუსელით, სტრასბურგით და ა.შ დამთავრებული. რადგან ყველამ გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, რომ ამ ISIS-ის ტერორისტების უკან იდგა და დგას საქართველოს "მთავარი" ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ჩემი ახლანდელი მთავარი მიზანი, რომ ყველას დავანახო, რა დგას სინამდვილეში ამ პოლიტიკური პარტიის პოლიტმიზნების მიღწევის უკან და რა მეთოდებით ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას" - წერს გოგაშვილი Facebook-ზე.

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს მალხაზ მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბრის პანკისის სპეცოპერაციის ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. ამ დღეს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი, საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და სროლაც ამიტომ მოხდა.

სუს-ი უარყოფს, რომ სპეცოპერაციას გოგაშვილი ხელმძღვანელობდა, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები კი ამბობენ, რომ სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სოსო გოგაშვილი ამოიცნეს.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

პანკისის სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე კი, სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარდა - დააკავეს ერთი ადამიანი, რამდენიმე კი სპეცოპერაციისას დაიღუპა. მაშინ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე და ISIS-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ახმედ ჩატაევი იყო. სუს-ის განცხადებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. 

კომენტარები