თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

კალაძე ხაბეიშვილზე: შეურაცხყოფა მიუღებელია, თუმცა საარჩევნო წელია, ბევრი პროვოკაცია იქნება

ტვ პირველი

კახა კალაძის თქმით, მიმდინარე წელი საარჩევნო წელია და პროვოკაციები ბევრი იქნება. ამის შესახებ მან საკრებულოში ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე მიუღებელი სიტყვიერი შეურაცხყოფა.

"მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, მიუღებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა ადამიანებზე, რასაც ჩვენ ვისმენთ მთელი ამ ხნის განმავლობაში და არაერთი ფაქტი არსებობს ამის. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, შევდივართ პოლემიკაში, დებატებში, ეს ნორმალურია. პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მაგრამ ადამიანს მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. გადახვიდე მის ოჯახის წევრებზე... თუმცა წელს საარჩევნო წელია, დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება მათი მხრიდან დაგეგმილი ასეთი პროვოკაციები. ყველას მინდა მოვუწოდო, ქართული ოცნების მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი, არ აყვნენ პროვოკაციებს", - თქვა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას მასზე თავდასხმის კალაძის და გომელაურის მხრიდან წინასწარი დაგეგმვის შესახებ და თქვა, რომ ბინძური განცხადებები მისი სტილია.

"ხაბეიშვილისგან ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ბინძური განცხადებები, ეს მისი სტილია, ეს ადამიანი არის ზუსტად იმისთვის, რომ ისაუბროს სიცრუეზე, ისაუბროს ტყუილზე, ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა. ზოგადად, ცემის ფაქტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სამწუხარო ამბავია და ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა. თუმცა ასევე ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ეს ყველანაირ პოლიტიკას სცდება. ჩვენ შეგვიძლია ვიდებატოთ, შევიდეთ პოლემიკაში, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე, ვართ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ცხადია, ყველას ვერ გვექნება ერთნაირი შეხედულებები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელი, მათ შორის ფიზიკური ძალადობაც", - თქვა კალაძემ.

თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები