თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

კალაძე: ხაბეიშვილი მუდამ ათას სიბინძურეს იგონებს, თუმცა, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიუღებელია

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია, თუმცა, ასევე მიუღებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცილისწამება. ენმ-ის წევრის ლევან ხაბეიშვილის ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან ცემის ფაქტს კახა კალაძე "მაესტროს" ეთერში გამოეხმაურა.

"რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მე არ მიკვირს ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ასეთი შინაარსის, ასეთი ტიპის განცხადებები. ის ყოველთვის დაკავებულია სიცრუით, ცილისწამებით, სიბინძურით, თუმცა, ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა - ფიზიკური დაპირისპირება.

იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიყოთ ოპონირების რეჟიმში, ვისაუბროთ ქალაქის პრობლემებზე, განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებზე, რაც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას, ამის მაგივრად, ჩვენ ოპოზიციის მხრიდან და განსაკუთრებით ამით გამოირჩევა ლევან ხაბეიშვილი, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისმენთ პირადი შეურაცხყოფას, ამას არ დაჯერდა, გადასულია ოჯახის შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე და ძალიან ბევრ სიბინძურეზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავიდეთ რაღაც კონსტრუქციულ ურთიერთობაზე. ხომ შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს მივაყენოთ სიტყვიერი შეირაცხყოფა, ცილი დავწამოთ, ყოველგვარი აპელირების გარეშე ათასი სიბინძურე მოვუგონოთ ერთმანეთს, ეს დამოკიდებულება კატეგორულად მიუღებელია და მიუღებელია, რა თქმა უნდა, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა" - ამბობს დედაქალაქის მერი.

თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. 

თარაშ შურღაიას მხრიდან ფიზიკური ძალადობის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა. 

"თარაშ შურღაიას ხელის მოქნევის შემდეგ, მთელი ქართული ოცნება დაგეგმილად დაესია თავს ხაბეიშვილს, მათ შორის ცინცაძე, მათ შორის ჩაკვეტაძე, ზარქუა და ა.შ. დაესიეს, წააქციეს და წაქცევის შემდგომაც გრძელდებოდა მასზე ძალადობა," - ყვება ენმ-ის დეპუტატი ლილე ლიპარტელიანი.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები