კონგრესმენების წერილი

ჩუგოშვილი: კონგრესმენების წერილი საჯარო ინფორმაციაა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს

პირველი არხი

"კონგრესმენების წერილი არის საჯარო ინფორმაცია და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისთვის," - ქართული ოცნების ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გიორგი გახარიასათვის ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაგზავნილ წერილს ეხმაურება. ჩუგოშვილი იმედს გამოთქვამს, რომ კანცელარია წერილს გაასაჯაროებს, რადგან ეს კანონის მოთხოვნაა. 

"მთავრობის რეაგირება პირველ წერილზე, იმის ნაცვლად, რომ კითხვებისთვის ეპასუხა და წუხილები მოეხსნა, კიდევ უფრო გაზარდა წუხილები და კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა გამოიწვია კონგრესის წევრებში. პლიუს ამას, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამჯერად აღარ არის მხოლოდ ორი კონგრესმენი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ეს ორი ადამიანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაფერი, რაც ქვეყანას სჭირდებოდა, ამ ორი ადამიანის დიდი ძალისხმევით კეთდებოდა," - ამბობს ჩუგოშვილი. 

მთავრობის ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ასაჯაროვებს წერილს, რომელიც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, 4 ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო. 

კინზინგერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას წერილი 4-მა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკაულიმ, გაუგზავნა. 

ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ამით ქვეყანაში გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მესამე წერილია, რომელსაც გახარია კონგრესმენებისგან იღებს. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები