აშშ-ირანი

ტრამპი ირანში აქციებზე: მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა-ჟლეტა აღარ უნდა განმეორდეს

დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მიმდინარე ანტი-სამთავრობო აქცია საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა.

"მამაც, ტანჯულ ირანელ ხალხს: ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისიდან თქვენს გვერდით ვდგავარ და ჩემი ადმინისტრაცია თქვენს მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ თქვენს საპროტესტო აქციებს ახლოდან ვაკვირდებით და თქვენი გამბედაობით შთაგონებულები ვართ. ირანის მთავრობამ უნდა დაუშვას ადამიანის უფლებათა ჯგუფები რათა დააკვირდნენ და გადმოგვცენ ფაქტები ადგილზე მიმდინარე პროტესტიდან. მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა-ჟლეტა აღარ უნდა განმეორდეს, არც ინტერნეტის გათიშვა. მსოფლიო გიყურებთ." წერს ის.

11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი რაკეტით შეცდომით ჩამოაგდეს. 4 დღის განმავლობაში ქვეყანა უარს ამბობდა, უკრაინისთვის ე.წ შავი ყუთის გადაცემაზე. 

11 იანვარს თეირანში თვითმფრინავის ჩამოგდებისას გარდაცვლილი 176 ადამიანისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები უნივერსიტეტების სტუდენტები იყვნენ. ისინი თვითმფრინავის ჩამოგდებაში პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ. ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან, სადაც ადრე თეირანში აშშ-ის საელჩო მდებარეობდა, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

მოგვიანებით სოლიდარობის აქცია პროტესტად იქცა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, წინააღმდეგ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ისმის შეძახილები "სიკვდილი დიქტატორს" და "ხამენეი, გრცხვენოდეს, დატოვე ქვეყანა".

აქცია ირანის სამართალდამცავმა ორგანოებმა ცრემლსადენი გაზით დაშალეს და ათობით მონაწილე დააკავეს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ელჩი ირანში რობ მაქეირი. მას თავისუფლება ერთი საათის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ირანში ნავთობის ფასის გაზრდის და რაციონების დაწესების გამო გამართულ საპროტესტო აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ირანის მთავრობის თქმით დააკავეს აქციების 100-მდე ლიდერი. აქციები 93 ქალაქში გაიმართა. ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა სრულად გაწყვიტეს. ისპაჰანსა და თეირანში შეჩერდა მეტროს მუშაობაც. ამ დრომდე ირანის მთავრობა მხოლოდ 12 ადამიანის დაღუპვას აღიარებს, თუმცა Amnesty International-ის მიხედვით ეს რიცხვი ბევრად მაღალია.

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები 2017 წლის ბოლოს ეკონომიკური სტაგნაციის, ცხოვრების პირობების გაუარესების და რეგიონში ირანის პოლიტიკის გასაპროტესტებლადაც გაიმართა. პროტესტი 80 ქალაქს მოედო. ოფიციალური პირების ინფორმაციით მაშინ პროსტესტის განმავლობაში სულ 22 ადამიანი დაიღუპა.

ირანის ეკონომიკაზე გავლენა აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მოახდინა. სანქციები ირანს ხელახლა მას შემდეგ დაუწესა, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აშშ შეთანხმებიდან გაიყვანა.

კომენტარები