აქცია ოკუპირებულ სოხუმში

RIA: კრიზისის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მაღალჩინოსანი ჩავა

Ekho Kavkaza

რუსული სააგენტო RIA ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავა. 

სააგენტოს ცნობით, წყარომ მათ უთხრა, რომ ნურგალიევის ოკუპირებულ სოხუმში ჩასვის მთავარი მიზეზი "კრიზისის გადაჭრასა და დაპირისპირების თავიდან აცილებაში დახმარებაა".

ცოტა ხნით ადრე კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარე პროცესს "ქვეყნის შიდა კონფლიქტს" უწოდებდა

ოკუპირებულ სოხუმში ე.წ ოპოზიციის აქციები 9 იანვარს, დღის პირველ ნახევარში დაიწყო. ისინი სექტემბერში ჩატარებული მარიონეტი პრეზიდენტის ე.წ არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას მოითხოვდნენ, რომლის დე-ფაქტო გამარჯვებულიც კვლავ რაულ ხაჯიმბა გახდა. მოგვიანებით დემონსტრანტებმა მარიონეტი პრეზიდენტის ე.წ ადმინისტრაციის შენობაში შესვლა მოახერხეს და შენობას სრულად აკონტროლებდნენ. ისინი სკანდირებდნენ "ხაჯიმბა, გადადექი!".

ხაჯიმბამ დე-ფაქტო სამართალდამცავი ორგანოები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანა. დე-ფაქტო პარლამენტმა კი ხაჯიმბას მარიონეტული თანამდებობის დათმობისკენ მოუწოდა, რაზეც ხაჯიმბამ უარი თქვა და ე.წ ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. 

აქციას წინ უძღოდა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უზენაეს სასამართლოში ოპოზიციური ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიციანის, სარჩელის განხილვის დაწყება, რომელიც დე-ფაქტო არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას მოითხოვს.

ე.წ პრეზიდენტის დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს ჩატარდა. ადგილობრივი მარიონეტული ცესკოს მიხედვით, ე.წ არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ 47.39% დააგროვა, კვიცინიამ კი - 46.17%. კვიცინიამ დე-ფაქტო არჩევნების შედეგები 11 სექტემბერს გაასაჩივრა.

კომენტარები