აქცია ოკუპირებულ სოხუმში

რუსეთის МИД ოკუპირებულ აფხაზეთში დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს

Ekho Kavkaza

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ მთავრობას და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას "ქვეყნის შიდა ამბავს" უწოდებს, თუმცა, მხარეებს მშვიდობიანი დიალოგისკენ მოუწოდებს.

სამინისტროს განცხადებაში წერია:

"რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს ამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ჩვენ ამას მათ შიდა საქმედ ვაფასებთ. ვიმედოვნებთ, სიტუაცია მალე დასტაბილურდება, სამართლებრივ ჩარჩოებში მშვიდობიანი დიალოგის გზით".

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბა ოპოზიციას მოუწოდა, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

9 იანვარს, ე.წ ოპოზიციის პროტესტის ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ე.წ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოუწოდა, თანამდებობა დატოვოს.

დე-ფაქტო პარლამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ შექმნილი რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებისა და შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, ე.წ ეროვნული ყრილობა მარიონეტ პრეზიდენტს მოუწოდებს, დატოვოს დაკავებული დე-ფაქტო თანამდებობა.

ამ გადაწყვეტილებას მხარი 19-მა მარიონეტმა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა, 1-მა კი თავი შეიკავა.

მარიონეტი პრეზიდენტის ე.წ ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს ოპოზიციურმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მიმართა და მოუწოდა, არ დაიშალონ. ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ ხაჯიმბა დე-ფაქტო პარლამენტის მოწოდებას დაეთანხმება.

ოკუპირებულ სოხუმში ე.წ ადმინისტრაციის შენობის წინ დღის 13:00 საათზე დაიწყეს. დემონსტრანტები 8 სექტემბერს ჩატარებული დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით მათ შენობის პირველი სართულისთვის ფანჯრების დამსხვრევა და შენობაში შესვლა მოახერხეს. ბოლო რამდენიმე საათია ე.წ ადმინისტრაციის შენობას სწორედ დემონსტრანტები აკონტროლებენ. ისინი სკანდირებენ "ხაჯიმბა, გადადექი".

აქციას წინ უძღოდა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უზენაეს სასამართლოში ოპოზიციური ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიციანის, სარჩელის განხილვის დაწყება, რომელიც დე-ფაქტო არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას მოითხოვს.

ე.წ პრეზიდენტის დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს ჩატარდა. ადგილობრივი მარიონეტული ცესკოს მიხედვით, ე.წ არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ 47.39% დააგროვა, კვიცინიამ კი - 46.17%. კვიცინიამ დე-ფაქტო არჩევნების შედეგები 11 სექტემბერს გაასაჩივრა.

კომენტარები