ახალი წელი 2020

წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში: მშვიდობა დიადი და სანუკვარი ფასეულობაა

ძვირფასო მეგობრებო,

გამარჯობა! ბოლო დღეების მანძილზე თან ვახლდი წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, მის აღმატებულებას, კარდინალ პიეტრო პაროლინს, საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში (28-30 დეკემბერი). კარდინალის ვიზიტი გახლდათ ერთგვარი შეჯამება საქართველოში ჩემი საქმიანობისა და გაგრძელება წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა. ოფიციალური ვიზიტის დროს განხორციელებული შეხვედრებისას თვალნათლივ გამოიკვეთა ერთი რამ - საქართველოს სურს მშვიდობა.

მსოფლიოში ყველაზე დიდ ინსტიტუტები სწორედ ისინია, რომლებიც მშვიდობის დასამყარებლად საჭირო პირობებს ქმნიან. ევროკავშირის ყველაზე დიდი მიღწევაც ისაა, რომ მან სამშვიდობო პირობები შეუქმნა ორი მსოფლიო ომით გატანჯულ კონტინენტს. ცხადია, დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ, ბოლო ოცდარვა წლის მანძილზე საქართველომ გიგანტური ნაბიჯები გადადგა წინ თავისი განვითარების გზაზე და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას იმედოვნებს. და მაინც, ყველა ეს მისწრაფება ამაო იქნება საერთაშორისო, სოციალური თუ შიდაოჯახური მშვიდობის გარეშე. ამის მისაღწევად კი სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობაა საჭირო. ქვეყნის სტრუქტურები და ინსტიტუციები მოწოდებულნი არიან ყველა ღონე იხმარონ სამშვიდობო პროცესებისა და პირობების ხელშესაწყობად.

ჩვენ ყოველი წლის 1 იანვარს აღვნიშნავთ მშვიდობის დღეს. ამ დღეს, პაპი ფრანცისკე თავისი წერილით ეხმაურება ამ საჭირბოროტო საკითხს და გვთხოვს ვილოცოთ მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად. მშვიდობა ხომ „დიადი და სანუკვარი ფასეულობაა“. იგი „იმედის მოგზაურობაა - დიალოგია, შერიგებაა, ეკოლოგიური მოქცევაა“. პაპი წერს: „ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ ჭეშმარიტ ძმობას, ჩვენს საერთო ღვთიურ წარმომავლობაზე დამყარებულს და დიალოგითა და ორმხრივი ნდობით განმტკიცებულს. მშვიდობის სურვილი ადამიანის გულშია ფესვგადგმული - სწორედ ამას უნდა ვესწრაფოდეთ და ამაზე ნაკლებს არ უნდა შევურიგდეთ.“ (მისი უწმიდესობა პაპი ფრანცისკეს გზავნილი მშვიდობის მსოფლიო დღისადმი, 2020 წლის 1 იანვარი).

წინასაახალწლო დღეებში კარდინალ პიეტრო პაროლინის ვიზიტი გახლდათ მეგობარი ქვეყნის მხრიდან იმის დადასტურება, რომ იგი კათოლიკური ინსტიტუციების მეშვეობით სოლიდარობას უცხადებს საქართველოს და ქართველებს, როგორც მშვიდობის ხელშემწყობი ჩვენს საზოგადოებასა და მთელ მსოფლიოში. გამოვთქვამ სურვილს და ვლოცულობ, რათა დამდეგ 2020 წელს ამ დიადმა და კეთილშობილმა ერმა მშვიდობა ჰპოვოს თავისი მაღალი და კეთილი მისწრაფებების განსახორციელებლად. დიდი, დიდი მადლობა, საქართველო!

ჟოზე ა. ბეტანკური

წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში.

კომენტარები