ყაჩაღობა

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9, 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები გ.ლ. დ.გ. და ნ.ვ. დამნაშავედ ცნო.

მთავარი პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 მარტს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რკინიგზის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები გ.ლ., დ.გ., და მათი თანამზრახველი ნ.ვ. ჯგუფურად თავს დაესხნენ ა.ო.-ს და დანის დემონსტრირებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს მობილური ტელეფონი, 180 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ლ. 2019 წლის 14 მარტს, დ.გ. 15 მარტს, ხოლო ნ.ვ. 17 მარტს ქ.თბილისში დააკავეს.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ გ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის), ხოლო დ.გ.-ს და ნ.ვ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ლ., დ.გ. და ნ.ვ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად გ.ლ.-ს 9 წლით, დ.გ.-ს 7 წლით, ხოლო ნ.ვ-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები