ვაჟა გაფრინდაშვილი

ციხელაშვილი გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე: ფორმალური თუ არაფორმალური არხები ავამოქმედეთ

შერიგების სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად "სრულიად უპრეცედენტო ძალისხმევა იყო ჩართული" და მეორეხარისხოვანია თუ ვინ როგორ "გააფორმა" ეს. მისი თქმით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შედეგია.

"მოგეხსენებათ, პირველივე დღიდან ჩვენ ხშირად ვამბობდით და ახლაც ვიტყვი, რომ ფორმალური თუ არაფორმალური არხები იქნა ამოქმედებული და ნაწილზე თუ საუბარი არ არის შესაძლებელი, ძალიან დიდ ნაწილზე, მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე საზოგადოებისთვისაც გახლავთ ცნობილი და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულიყო ექიმი".

მინისტრი მადლობას უხდის ყველა პირს და არამხოლოდ პირს, ასევე იმ "სახელმწიფოს და ორგანიზაციას", როლებიც ჩართული იყვნენ და თავისი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში. 

"ეს არის ძალისხმევის ერთობლიობა და მე ადრეც ვამბობდი და ახლა გავიმეორებ, რომ ფორმებს ახლა, რა ინფორმაცია ვრცელდება იგივე ცხინვალის მედიაში ან სხვა რუსულ წყაროებში, ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არასდროს შევსულვართ ე.წ. პროცესებში და პროცედურებში, ყოველთვის იყო ერთი კვალიფიკაცია, რომ ეს პატიმრობა და თავისუფლების შეზღუდვა იყო უკანონო და საქართველო ხელისუფლება ერთ შედეგზე მუშაობდა - ეს იყოს მისი უპირობო გათავისუფლება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ ამის კვალიფიკაცია სხვაგვარად შეუძლებელია," - აცხადებს ციხელაშვილი. 

საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. 

კომენტარები