საარჩევნო სისტემა

NGO-ები: თუ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილება შეუძლია, გამოიყენოს პროპორციულზე გადასასვლელად

ghn.ge

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუღებელს და არასერიოზულს უწოდებენ მმართველი გუნდის ინიციატივას, 2020 წლის და შემდგომი საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს და 150 საპარლამენტო მანდატიდან 50 მაჟორიტარული და 100 პროპორციული წესით განაწილდეს.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა არსებულ რედაქციასთან შეუსაბამოა, საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს და მზად არის, ეს გააკეთოს მაშინ, როცა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი სწორედ იმიტომ დაიწუნა, რომ ის კონსტიტუციას არ შეესაბამებოდა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი იყო.

"თუ ქართულ ოცნებას კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების რესურსი აქვს, მართებული იქნებოდა, რომ ეს რესურსი გამოყენებულიყო პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად ან იმ ცვლილებისთვის, რაც „ქართული ოცნების“ აზრით ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული მოდელს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანდა.

სინამდვილეში, მმართველი პარტიის 20 დეკემბრის ინიციატივა ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთ საზრუნავს წარმოადგენს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც მხოლოდ მის ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოერგება და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ამ პარტიის ყოფნას ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდი ხნით. ამ ფონზე, კიდევ უფრო აშკარაა, რომ პროპორციული სისტემის დაპირების შეუსრულებლობა მთლიანად "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. ამბოხი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს და მის თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს. 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებამ არამარტო ქვეყნის შიგნით შექმნა არასტაბილური პოლიტიკური გარემო, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის იმიჯი მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო პარტნიორების თვალში.

მიუხედავად ამისა „ქართული ოცნება“ მის მიერ შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად და კრიზისული სიტუაციის განსამუხტად პოლიტიკურ ნებას არ ავლენს. აქამდე, საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციურ პარტიებთან გამართული ყველა შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა და მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის არცერთ ვერსიას.

მაშინ, როცა არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, დღეს გაჟღერებული შემოთავაზება და პარლამენტის რიტორიკა პროპორციულ საარჩევნო მოდელებში ევროპასა და ისრაელში კრიზისების რისკებზე, წარმოადგენს საზოგადოების დაცინვას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესის უგულებელყოფას,

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იაზრებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნის მოსახლეობისა და მისი მომავლის წინაშე და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება მოტივირებულია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესით. მნიშვნელოვანია, რომ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესში განხილული საარჩევნო სისტემის მოდელი იყოს არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური პარტიის, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესების გამომხატველი და არსებითად აუმჯობესებდეს საარჩევნო გარემოს.

მოვუწოდებთ, მმართველ გუნდს კარგად გაიაზროს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და საზოგადოების მოთხოვნისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილების შესაბამისად, შეასრულოს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაპირება" - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი (EPRC)
  • საზოგადოება და ბანკები
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ცენტრი „ემპათია“
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ლიბერალური აკადემია - თბილისი

კომენტარები