მოზარდის თვითმკვლელობა

POG: ჩოლოიანმა მოზარდს აღიარება მოსთხოვა და არასრულწლოვანი მოწმეები ერთმანეთს დაუპირისპირა

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა 15 წლის ლუკა სირაძის დაკითხვისას, არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და სირაძეს დანაშაულის აღიარება მოსთხოვა.

"აღნიშნულ აღიარებაზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს," - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ ჩოლოიანს ბრალი აქვს წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.

მთავარი საგამოძიებო უწყება გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

იმავე დღეს, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობა მისმა ერთ-ერთმა თანატოლმაც სცადა. ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გუშინ, 18 დეკემბერს დაადასტურა. თუმცა, დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

15 წლის ლუკა სირაძემ თავისი ყოფილი სასწავლებლის, "მწვანე სკოლის" კედლებზე "უცენზურო" წარწერები გააკეთა.

საია-ს ინფორმაციით, მოზარდს გამომძიებელი "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რამე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, 17 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება ჩოლოიანს სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას - ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.

კომენტარები