დიდი ბრიტანეთი

ბლერი კორბინზე: ყველა სულელს შეუძლია დაგპირდეს ყველაფერს უფასოდ, მაგრამ ხალხი არ გასულელდა

ტონი ბლერი
Reuters

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ლეიბორისტული პარტიის ყველაზე წარმატებულმა ლიდერმა ტონი ბლერმა 12 დეკემბრის არჩევნებში პარტიის მარცხზე ისაუბრა და თქვა, რომ ამჟამინდელი ლიდერის, ჯერემი კორბინის მიერ შექმნილი "საპროტესტო მოძრაობა კულტის ნიშნებით" უნდა შეიცვალოს.

"ლეიბორისტული პარტიის ულტრა მემარცხენეების მიერ ხელში ჩაგდებამ ის განდიდებული პროტესტის მოძრაობად აქცია, რომელსაც კულტის ნიშნები აქვს და არ აქვს შესაძლებლობა დამაჯერებელი მთავრობა შექმნას. შედეგმა ყველას სირცხვილი მოგვიტანა."

ბლერის თქმით პარტიამ თვითგანახლება უნდა მოახდინოს სერიოზულ, პროგრესულ, არა-კონსერვატიულ, კონკურენტუნარიან ძალად ან უკან დაიხიოს, რა შემთხვევაშიც ის დროთა განმავლობაში სხვა ძალით ჩანაცვლდება.

ბლერმა თქვა, რომ ჯერემი კორბინმა კვაზი-რევოლუციური სოციალიზმის ბრენდის პერსონიფიცირება და ულტრა-მემარცხენე ეკონომიკურ პოლიტიკასთან შერწყმა მოახდინა, რომელიც დასავლური საგარეო პოლიტიკის მიმართ მტრულია და ამის გამო ამომრჩევლებს ის გზას აცდენილად და შეუფერებლად მიაჩნიათ.

"ძალაუფლების მოსაპოვებლად ჩვენ გვჭირდება თვით-დისციპლინა და არა საკუთარი თავის სიბრალული. ნებისმიერ სულელს შეუძლია დაგპირდეს ყველაფერს უფასოდ, მაგრამ ხალხი არ გასულელდა. მათ იციან, რომ ცხოვრება ასე არაა მოწყობილი." თქვა მან.

ბლერს ასევე მიაჩნია, რომ პარტიის მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ბრექსითის საკითხზე კორბინის ჩამოუყალიბებელი პოზიცია გახდა.

"ჩვენ მივყვებოდით თითქმის კომიკური ჩამოუყალიბებლობის გზას და დებატების ორივე მხარე გავიუცხოვეთ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს გამართულ ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ მხოლოდ 203 ადგილის მოპოვება შეძლო, რაც 59 ადგილით ნაკლებია წინა მაჩვენებელზე. ეს 1935 წლის შემდეგ პარტიისათვის ყველაზე ცუდი შედეგია.

მარცხის შემდეგ კორბინმა თქვა, რომ ეს მისი პარტიისათვის დიდი იმედგაცრუებაა და შემდეგ არჩევნებში პარტიის ლიდერი აღარ იქნება.

კორბინის თქმით პარტიის ლიდერად არჩევნების შედეგების გადააზრების პროცესში დარჩება. მას მიაჩნია, რომ ბრექსითის საკითხმა პოლიტიკის პოლარიზება გამოიწვია და ნორმალური პოლიტიკური დებატები გადაფარა. მან თქვა, რომ პარტიის მანიფესტს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და კამპანიის პერიოდში მისი პარტიის მიმართ მედიის ქცევა გააკრიტიკა.

"ბრექსითმა ისეთი პოლარიზებული გახადა და ისე დაყო დებატები ამ ქვეყანაში, რომ ნორმალური პოლიტიკური დებატები გადაფარა. ვაღიარებ, რომ ამან ხელი შეუწყო ლეიბორისტული პარტიისათვის ამ შედეგის დადგომას."

თუმცა როგორც თავად პარტიაში, ასევე მის გარეთაც, ნაწილს მიაჩნია, რომ მარცხის მიზეზი კორბინის ცუდი ლიდერობა და სტრატეგია იყო. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც 2017 წელს მოგებული ოლქები დაკარგეს კორბინს მოუწოდეს პარტიის ლიდერის პოსტი რაც შეიძლება მალე დატოვოს. პარტიაში ნაწილს მიაჩნია, რომ ლიდერი მომდევნო შემოდგომაზე პარტიის კონფერენციაზე უნდა აირჩიონ, თუმცა ნაწილი შიშობს, რომ ეს მაისში ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე ცუდად აისახება.

კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში 358 ადგილი მოიპოვა, რაც გასული არჩევნების მაჩვენებელზე 47 ადგილით მეტია, ხოლო უმრავლესობისათვის საჭირო რაოდენობაზე 32 ადგილით მეტი.

არჩევნები ბრექსითის ხელმეორე რეფერენდუმად აღიქმებოდა, ვინაიდან მთავარ საკითხს სწორედ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება წარმოადგენდა. პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ კონსერვატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ბრექსითის პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდებოდა. ჯონსონის კამპანიის სლოგანი იყო "შეასრულე ბრექსითი". მისი მთავარი ოპონენტი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი კი მიიჩნევდა, რომ ბრექსითის გეგმა რეფერენდუმზე უნდა გაეტანათ, რასაც შესაძლოა ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების გაუქმებაც კი მოჰყოლოდა.

უმრავლესობის მოპოვება ჯონსონს საშუალებას მისცემს პარლამენტში გაიტანოს ევროკავშირთან მის მიერ მიღწეული ბრექსითის გეგმა, თუმცა მას კვლავ გადასაჭრელი ექნება ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების საკითხი, რისთვისაც საკუთარ თავს 11-თვიანი ვადა დაუწესა. 31 იანვრიდან ბრიტანეთი გარდამავალ ფაზაში შევა, როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყანასთან ურთიერთობების გაგრძელებაზე ინდივიდუალური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. ჯონსონმა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში პროცესი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები