ლუკა სირაძის საქმე

საპატრიარქო მოზარდისთვის წესის აგებაზე: გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევით ჩამოვარდა

1tv

საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ 15 წლის ლუკა სირაძე შემთხვევით ჩამოვარდა და დაზუსტებით შეუძლებელია თქმა, რომ მან ნამდვილად თავი მოიკლა.

მისივე თქმით, მათ შორის ამ მიზეზით, ლუკა სირაძისთვის წესის აგება პრობლემა არ იქნება.

"15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა", - თქვა საპატრიარქოს პრესსპიკერმა.

"გუშინ მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა საავადმყოფოში, ლუკასთვის, შესაბამისად მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა მან. ესეც რომ არა, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევით ჩამოვარდნილიყო", - განმარტავს ჯაღმაიძე.

"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იმავე დღეს, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობა მისმა ერთ-ერთმა თანატოლმაც სცადა. ინფორმაცია ლონდა თოლორაიამ დაადასტურა. თუმცა, დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

15 წლის ლუკა სირაძემ თავისი ყოფილი სასწავლებლის, "მწვანე სკოლის" კედლებზე 'უცენზურო" წარწერები გააკეთა.

საია-ს ინფორმაციით, მოზარდს გამომძიებელი "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რამე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, 17 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება ჩოლოიანს სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას - ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.

კომენტარები