პაკისტანი

პაკისტანის ყოფილ სამხედრო ლიდერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

პერვეზ მუშარაფი
Reuters

პაკისტანის ყოფილ სამხედრო ლიდერს, გენერალ პერვეზ მუშარაფს ისლამაბადში სპეციალურ სასამართლო პროცესზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

მას ბრალად სახელმწიფო ღალატი ედება. მიზეზი 2007 წლს ქვეყნის კონსტიტუციის შეჩერებაა, როდესაც მან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ამ გზით ძალაუფლებაში დარჩენის გახანგრძლივება სცადა. მუშარაფმა ძალაუფლება 1999 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად მოიპოვა და ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2001-2008 წლებში იკავებდა. კონსტიტუციის შეჩერებას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. იმპიჩმენტის საფრთხის გამო მუშარაფმა პოსტი 2008 წელს თავად დატოვა. მან ქვეყანა დატოვა, თუმცა 2013 წელს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. მას ამის უფლება სასამართლომ არ მისცა.

მის წინააღმდეგ საქმე 2013 წელს აღიძრა, როდესაც სამხედრო გადატირალების შედეგად გადაყენებული ნავაზ შარიფი ქვეყნის პერმიერმინისტრად აირჩიეს. 2016 წელს მუშარაფს მკურნალობისათვის ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს და ამჟამად დუბაიში იმყოფება.

მან საავადმყოფოდან ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პაკისტანის სამხედრო ლიდერი კონსტიტუციის შეჩერების ბრალდებით გაასამართლეს. მან საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

კომენტარები