თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტზე

ბესელია: კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებზე ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია

ტაბულა

პარლამენტის წევრებმა, ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ მოითხოვეს, ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

მიზეზად მათ ის ძალადობა დაასახელა, რომლის მსხვერპლიც რამდენიმე წუთის წინ ტაბულას ჟურნალისტი კომიტეტის სხდომათა დარბაზში გახდა. ბესელიამ მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულად შეაფასა.

პარლამენტის მანდატურმა ტაბულას ჟურნალისტს, თიკო ერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"ის, რაც ახლა ხდება ამ დარბაზში, პირდაპირი ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, თავიანთი საქმიანობის, მოვალეობის შესრულების პროცესში, რომლის აღსავეთად არანაირი ზომა არ მიიღეთ პირადად თქვენ, კომიტეტის თავმჯდომარემ და თქვენი დავალებით მოხდა ეს. არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასეთი მოქმედება ჟურნალისტის მიმართ, როცა ფიზიკურად თავზე გადაუარეს მას და მოხდა პირდაპირი მნიშვნელობით ფიზიკური ძალადობა, არის არათუ დაუშვებელი, არამედ უდიდესი შეურაცხყოფა კომიტეტისთვის და პარლამენტისთვის, მაშინ, როცა აქ მოსამართლეების თემაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ყველას თანდასწრებით დანაშაული იყო ჩადენილი. ვითხოვ ამაზე რეაგირებას და მიმაჩნია, რომ უნდა დადგეს თავმჯდომარის უფლებამოსილების საკითხი", - თქვა ბესელიამ.

ხმაური იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაწყების პროცედურა გამოაცხადა, ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ კი მას ამის საშუალება არ მისცეს.

ეკა ბესელიამ თავმჯდომარეს უთხრა, რომ ვერ გააგრძელებს სხდომას და ვერ ჩაატარებს კენჭისყრას, თუ მას სიტყვის საშუალებას არ მისცემდა.

ოხანაშვილმა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადა.

მანდატურებმა ჟურნალისტების დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მედიას დარბაზში ყოფნის უფლება აქვს. სწორედ ამ დროს დაშავდა ტაბულას ჟურნალისტიც.

 

კომენტარები