თავდასხმა გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე

ნადირაშვილი თანაგუნდელებზე თავდასხმაზე: პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ირმა ნადირაშვილი თანაგუნდელებზე, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ პარტიას აქვს ეჭვი, რომ თავდასხმელები ხელისუფლების "ორკები" იყვნენ. 

"წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი აღსაქმელია, რომ საქართველოში ყველაზე დაცულ ზონაში ხდება ჩხუბი და პოლიცია მიდის მას შემდეგ, რაც ყველაფერი მთავრდება,"- ამბობს ნადირაშვილი. 

დეპუტატის თქმით, იმ დაშვების შემთხვევაშიც, რომ თავდამსხმელები მოგზავნილები არ იყვნენ, მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება, რომელმაც არ დასაჯა ის პირები, რომლებიც აქამდე არაერთხელ დაესხნენ თავს ოპოზიციურ ლიდერებს. 

"არ დასაჯა კორცხელის მონაწილეები, გარიგებულია კრიმინალთან, ადამიანებს ერთმანეთთან აპირისპირებს და ძალადობის და დაუსჯელობის განცდას ქმნის,"- ამბობს ნადირაშვილი.

დეპუტატის თქმით, ეს ასლან აბაშიძის 2003 წლის საქართველოა.

"აბაშიძემ როგორ დაამთავრა, ეს ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს,"- თქვა ირმა ნადირაშვილმა. 

ევროპული საქართველოს ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში, გაფრენის წინ თავს დაესხნენ. 

უგულავა Facebook-ზე წერს, რომ ამ გზით ხელისუფლება მისი და გაბაშვილის საქმიანი ვიზიტის ჩაშლას შეეცადა. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ჯერჯერობით დეტალებს აზუსტებენ. 

კომენტარები