ჯანდაცვა

დადგენილება 520: მთავრობა სამედიცინო და სადაზღვევო ბიზნესს კლავს, ვინ უშველის პაციენტებს?

21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. დადგენილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კლინიკებში მსგავს მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებას ეხება. ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკას თავად დაუდგინა გათანაბრებული ტარიფები გარკვეულ მომსახურებებზე. უმეტეს შემთხვევებში, სამინისტროს მიერ დაწესებული მანამდე არსებულ საშუალო ტარიფზე ნაკლებია.

ცვლილებას მალევე კლინიკების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რადგან დადგენილი ტარიფები რიგ შემთხვევაში ჩამოუვარდება მომსახურების საბაზრო ღირებულებას. აქამდე მოქმედი ტარიფები 2013 წელს იყო დადგენილი.

დიდი ალბათობით, ცვლილებების შედეგი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუარესება, მედპერსონალის ხელფასების კლება, სადაზღვევო ბიზნესისთვის მიყენებული ზიანი და გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯი იქნება.

20 ნოემბერს პარლამენტში გამართულ განხილვაზე კლინიკა ღია გულის აღმასრულებელი დირექტორი, დავით მიქელთაძე, ცვლილებების გადავადებასა და ტარიფების გადახედვას მოითხოვდა:

“ასეთი ფასდაკლებით ტარიფების მიღება და ასე მუშაობა დიდ ზარალს მიაყენებს პაციენტებს, პირველ რიგში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გარკვეული პერიოდით გადავადდეს დადგენილების მიღება.” 

კლინიკები ჩიოდნენ, რომ სამინისტროს ფასების დადგენისას არ ჰქონია მათთან სათანადო კომუნიკაცია, რის გამოც მომსახურებაზე არაადეკვატური ტარიფები დაადგინა. არსებული ტარიფების შემცირების გარდა, კლინიკები გამოთქვამდნენ პრეტენზიას, რომ სამინისტროს არ გაუთვალისწინებია ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორი და არც ის, რომ დროთა განმავლობაში აპარატურის შეცვლა ხდება საჭირო, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული.

პასუხად, ჯანდაცვის სამინისტრომ მომჩივან კლინიკებს მისწერა, რომ მათ მიერ გამოთქმულ ეჭვებს უსაფუძვლოდ მიიჩნევდა. თუმცა მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა მაინც აღიარა, რომ დადგენილების ძალაში შესვლამდე კლინიკებთან არასათანადო კომუნიკაცია ჰქონდათ. 

შედეგად, სამედიცინო სფეროდან მომავალი პროტესტის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ კრიტიკას ყური არ უგდო და დადგენილება გეგმისამებრ შევიდა ძალაში, წინააღმდეგობა კი არ შეწყვეტილა. 

მაგალითისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის ზოგიერთი მონაწილე, მათ შორის “ევექს ჰოსპიტალზი”, საჯაროდ საუბრობდა პროგრამის დატოვების შესაძლებლობაზე, კლინიკა “ჰელსინკორის” დირექტორი რუსუდან ლაგვილავა კი 27 ნოემბერს ტვ პირველზე საუბრისას ამბობდა, რომ ახალი ტარიფების ამოქმედების შემდეგ, კლინიკაში რამდენიმე შუნტირება და ათამდე კორონაროგრაფია ჩატარდა სტენტირებით, რომელთაგანაც ყველა ოპერაცია წამგებიანი გამოდგა.

ასეთ პირობებში, კლინიკები დილემის წინაშე დგანან - ან მომსახრების ხარისხი უნდა გააუარესონ ხარჯების შემცირებით ან ხელფასი უნდა შეუმცირონ სამედიცინო პერსონალს. 

რუსუდან ლაგვილავა ამბობს, რომ მისი კლინიკა სახარჯ მასალაზე ეკონომიას არ გააკეთებს და ოპერაციები კვლავ მაღალი ხარისხის პროდუქციით ჩატარდება. თუკი ასე მოიქცევა, ერთადერთი გამოსავალი ექიმებისთვის ხელფასის მოკლებაა: “საოპერაციო გუნდს, ახალი ტარიფით, 900 ლარით უნდა შევუმცირო ხელფასი.”

რუსუდან ლაგვილავა იმასაც აცხადებს, რომ თუ ცვლილებები ამ ფორმით ამოქმედდება, სიკვდილიანობაც გაიზრდება. პესიმისტური დასკვნების გამოტანის საშუალებას მარტივი ეკონომიკური ლოგიკაც გვაძლევს - როდესაც კლინიკებისთვის წამგებიანი იქნება მომსახურების მიწოდება, ზოგიერთი საერთოდ უარს იტყვის ამაზე, პაციენტებს კი მოუწევთ, სამკურნალოდ ან უცხო ქვეყნებს მიაშურონ, რაც თავისთავად, უფრო ძვირი დაუჯდებათ საქართველოში მკურნალობასთან შედარებით, ან აქვე მიიღონ გაუარესებული ხარისხის მომსახურება. 

ცვლილებები შეიცავს დიდ რისკებს სადაზღვეო ბიზნესისთვისაც. შესაძლებელია, კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მიწოდებული მომსახურებიდან მიღებული დანაკლისის აღმოფხვრა სცადონ კერძო დაზღვევის ხარჯზე - გაუძვირონ მომსახურება იმათ, ვინც საფასურს იხდის კერძო სადაზღვეო კომპანიის მეშვეობით და არ მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვაში. ასეთ შემთხვევაში, კერძო დაზღვევის პირობებში გაძვირებული ფასების ფონზე, შეიძლება, მომხმარებლებმა უარი თქვან კერძო დაზღვევაზე და საყოველდთაო ჯანდაცვის ფარგლებში გადაწყვიტონ იგივე მომსახურების მიღება. ამ ვითარებაში, პრობლემები შეექმნება როგორც სადაზღვევო ბიზნესს შემცირებული შემოსავლების სახით, ისევე სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელსაც ახალი ხარჯი გაუჩნდება ამ მომხმარებლების დამატებით. 

ამ ფონზე, 4 დეკემბერს სადაზღვევო კომპანია “ჯი-პი-აი ჰოლდინგმა” ჰოსპიტალური ბიზნესიდან გასვლის შესახებ გაავრცელა განცხადება. კომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა ლომაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი არის “არაპროგნოზირებადი გარემო, რასაც ნაჩქარევი და ხშირად დაუფიქრებელი ინიციატივები ქმნის.”

ჯანდაცვის ექსპერტი, ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების მიზანი ხარჯების შემცირება უნდა იყოს, რაც მარტივი გასაგებია - პროგრამას, რომელსაც “ქართული ოცნება” თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევს, ბიუჯეტი ძნელად სწვდება. უკვე მეხუთე წელია მთავრობას პროგრამისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ფული არ ჰყოფნის და დამატება უწევს. მაგალითისთვის, წელს საყოველთაო ჯანდაცვისთვის ბიუჯეტში 754 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, რაც მთავრობამ უკვე აითვისა და პროგრამისთვის 11 მილიონი ლარის დამატება მოუწია - ასე გრძელდება ყოველ წელს 2015 წლიდან.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ ამოქმედდა, ეს თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ ჯანდაცვის ხარჯები კატასტროფულად გაიზრდებოდა." - ამბობს ტაბულასთან ეკონომისტი აკაკი ცომაია, - "თავისთავად ცხადია, რომ ეს გამოიწვევდა ხარჯების ზრდას, მაგრამ მაშინ ამას ყურადღება არავინ მიაქცია. ახლა საქმე მივიდა იქამდე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სჭირდება ხარჯების შეკავება და სისულელეს უმატებს სისულელეს."

რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს მთავრობა ხარჯების შემცირებას და ბიუჯეტში ჩატევას ისე, რომ ეს ყველაფერი მძიმედ არ აისახოს პაციენტების ჯანმრთელობასა და მედპერსონალის შემოსავალზე. ევროპული საქართველოს დეპუტატის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა დავით სერგეენკოს მინისტრობისას ამოქმედებული ე.წ ერთი გადამხდელის პრინციპია, რაც იმას გულისხმობს, რომ საავადმყოფოსთან ანგარიშსწორებას სახელმწიფო პირდაპირ ახდენს. მას მიაჩნია, რომ გამოსავალი ერთი გადამხდელის პრინციპის გაუქმებაში და სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის სადაზღვევო პაკეტების ყიდვაშია. “იქ, სადაც სახელმწიფო პირდაპირი გადამხდელია, სახელმწიფო მოთამაშეცაა და არბიტრიც. მას აინტერესებს არა ხარისხი, არამედ ხარჯი.” - წერს ჭიაბერაშვილი.

მყისიერი უარყოფითი შედეგების მიუხედავად, მთავრობა უარზეა, გადაავადოს ან შეაჩეროს დადგენილების ამოქმედება. 4 დეკემბერს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შეხვდა კლინიკების ხელმძღვანელებს. შედეგად, მთავრობა სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელიც ტარიფების გადახედვაზე იმუშავებს. ყოველ შემთხვევაში, პირობა გაცემულია.

კომენტარები