აშშ-სირია

ჩრდილოეთ სირიიდან აშშ-ის ძალების გამოსვლა დასრულდა, ქვეყანაში 600-მდე სამხედრო რჩება

მარკ ესპერი
Reuters

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა თქვა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჩრდილოეთ სირიიდან გამოსვლა გაასრულეს და ამჟმად ქვეყანაში 600-მდე სამხედრო რჩება.

"სამხედროთა რაოდენობა ასე დარჩება. მაგრამ, თუ ვხედავთ რომ რაიმე ხდება, შეიძლება ოდნავ გაიზარდოს." თქვა მან.

ესპერის თქმით სირიაში ამერიკელი სამხედროების რიცხვი შესაძლოა შემცირდეს კიდეც, თუ NATO-ს ევროპელი მოკავშირეები საკუთარ სამხედრო ძალებს გაზრდიან.

"თუ მოკავშირე ქვეყანა, NATO-ს ქვეყანა, გადაწყვეტს 50 ადამიანი გაგზავნო, ჩვენ შეგვეძლება 50 დავაბრუნოთ." თქვა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია აქვს თუ არა მსგავსი გეგმა რომელიმე მოკავშირეს.

ესპერმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან NATO-ს წევრებისადმი მუქარაზე უკან დახევა პოზიტიური ნიშანია. სამიტამდე ერდოღანი დაიმუქრა, რომ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების დაცვის გეგმას დაბლოკავდა, თუ მოკავშირეები ქურთ მებრძოლებს ტერორისტებად არ ცნობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა.

ერდოღანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა, რითაც ქურთ მებრძოლებს ტერიტორიის დატოვების დრო მისცა.

თურქეთი და რუსეთი ასევე შეთანხმდნენ, რომ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრში დაიხევდნენ. რუსეთმა და თურქეთმა ტერიტორიაზე ერთობლივი პატრულირება დაიწყეს. 

ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გამოყვანის თაობაზე, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი მაინც დარჩება.

კომენტარები