ექიმის გატაცების საქმე

გაფრინდაშვილის შვილი: ჩვენი ინფორმაციით, მასალები გადაეცა სასამართლოს, ველოდებით სხდომას

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის თქმით, ადვოკატისა და ცხელი ხაზისგან აქვთ ინფორმაცია, რომ მასალები სასამართლოს გადაეცა და ოჯახი სხდომის ჩანიშვნას ელოდება. ირინა გაფრინდაშვილი ამის შესახებ facebook-ზე წერს.

მისივე ინფორმაციით, ექიმი რამდენიმე დღის წინ მონახულა წითელმა ჯვარმა და ამბობენ, რომ გაფრინდაშვილი ფიზიკურად თავს "ნორმალურად გრძნობს"

"29 ნოემბერს შეუტანეს ჩვენი გაგზავნილი ამანათი. ამ ეტაპზე ადვოკატისგან და ცხელი ხაზის მეშვეობით მივიღეთ ინფორმაცია, რომ მასალები გადაეცა სასამართლოს და ველოდებით სასამართლო სხდომის ჩანიშვნას. მიუხედავად ბევრი დადებითი სიგნალისა, სხვა სიახლე არაფერი არ გვაქვს, სამწუხაროდ. 10-11 დეკემბერს ჩანიშნულია ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის მორიგი სხდომა," - წერს ირინა გაფრინდაშვილი.

უკვე 25 დღეა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და "ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს."

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები