სახალხო დამცველი: დაპირისპირების აღმოსაფხვრელად უნდა გადაიდგას პოლიტიკური ნაბიჯები

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქართული ოცნების აქტივისტების მიერ სამოქალაქო მოძრაობების წევრებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. 

ლომჯარია ამბობს, რომ ამგვარი დაპირისპირება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რის აღმოსაფხვრელადაც არ არის საკმარისი სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, საჭიროა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. 

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული ვითარებაა არჩევნების მოახლოვებასთან ერთად“ - ამბობს სახალხო დამცველი. 

ლომჯარიამ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად მიღწეული და არა ერთი პარტიისთვის სასურველი. 

„თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ქვეყანაზე და ხალხზე, რადგან რეალურად თითქმის ყველა უწყება არის გადასული იმაზე, რომ ყოველდღიური ასეთი დაპირისპირებები აღმოიფხვრას და განიმუხტოს, დღესდღეობით არავის სცალია იმისთვის, რომ იფიქროს გრძელვადიან რეფორმებზე,“ - ამბობს ომბუდსმენი. 

ლომჯარიას განმარტებით, თუკი პროცესები ასე გაგრძელდება, საქართველო და მისი განვითარება ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგება. 

2 დეკემბერს ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობები "სირცხვილია" და "შეცვალე" მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ ყვირილით და გინებით. მმართველი გუნდის აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობის წევრებს რამდენჯერმე ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

კომენტარები