ჰონგ-კონგი

ტრამპი: რომ არა მე, სი ძინპინი ჰონგ-კონგს 14 წუთში გაანადგურებდა

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

"რომ არა მე, ჰონგ-კონგი 14 წუთში განადგურდებოდა... რომ არა მე, ჰონგ-კონგში ათასობით ადამიანი ახლა დაღუპული იქნებოდა. იქ არ იქნებოდა არეულობა, არამედ მხოლოდ პოლიციური სახელმწიფო," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან თქვა, რომ ჩინეთს ჰონგ-კონგთან მილიონი ჯარისკაცი ჰყავდა განლაგებული, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არ შედიან, რომ ეს ტრამპმა თხოვა სი ძინპინს

ჰონგ-კონგში უკვე ნახევარი წელია მილიონობით ადამიანი პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს და დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვს.

ტრამპის თქმით, ერთადეთი მიზეზი რის გამოც სი ძინპინს ჰონგ-კონგი ჩინეთის ჯარი არ შეჰყავდა იყო ის, რომ მან სი ძინ პინს უთხრა, რომ ასეთი ქმედება აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებაზე გავლენას იქონიებდა:

"გთხოვ, ამას ნუ გააკეთებ. დიდ შეცდომას დაუშვებ. სავაჭრო შეთანხმებაზე ეს ძალიან დიდ და ნეგატიურ გავლენას იქონიებს. მას სურს სავაჭრო შეთანხმების მიღწევა." 

პრეზიდენტს არ უპასუხია კითხვაზე მოაწერდა თუ არა ხელს კონგრესისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს, რამაც შესაძლოა, ჰონგ-კონგს სპეციალური სავაჭრო სტატუსი მოუხსნას - "ჩვენ ძალიან კარგად უნდა განვიხილოთ ეს".

"ჩვენ ჰონგ-კონგს მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ მე პრეზიდენტ სისაც ვუჭერ მხარს. ის ჩემი მეგობარია. შესანიშნავი კაცია. მე ვისურვებდი, რომ მათ ეს პრობლემა გადაჭრან. მე მხარს ვუჭერ ჰონგ-კონგს, მე მხარს ვუჭერ თავისუფლებას, მე მხარს ვუჭერ ყველაფერს, რისი გაკეთებას ჩვენ გვინდა," - განაცხადა ტრამპმა.

რესპუბლიკელი სენატორ მარკო რუბიოს თქმით, რომელიც კანონპროექტის მთავარი სპონსორია, მისი აზრით, ტრამპი კანონპროექტს მხარს დაუჭერს. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ.

სენატის მიერ კანონპროექტის მხარდაჭერის გადაწყვეტილებამ ჩინეთი გააბრაზა და აშშ ფაქტებისა და სიმართლის უგულვებელყოფაში, ორმაგი სტანდარტის ქონაში და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ჩინეთი აშშ-ს "მკაცრი საპასუხო ზომების" მიღებითაც დაემუქრა. 

აგვისტოში ტრამპმა სი ძინპინს ჰონგ-კონგის საკითხზე შეხვედრა შესთავაზა. შეხვედრის შეთავაზებამდე ცოტა ხნით ადრე მან მომავალ ტარიფებზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩინეთს თავდაპირველად ჰონგ-კონგთან უნდა ემუშავა ჰუმანურად - "რათქმაუნდა, ჩინეთს შეთანხმების მიღწევა სურს. დაე, თავდაპირველად ჰონგ-კონგთან იმუშაონ ჰუმანურად!"

გასულ თვეს ასი ათასობით ჰონგ-კონგელმა აშშ-ს ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის აქტის მიღება თხოვა. სექტემბრის ბოლოს ვაშინგტონში ჰონგ-კონგელ აქტივისტებს აშშ-ის კონგრესში მოუსმინეს. მათ კონგრესს ჩინეთის შესაკავებლად მაკცრი ზომების მიღება სთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან პირველად, შაბათს ჰონგ-კონგის ქუჩებში ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმია გამოჩნდა. მათ ქუჩები ბარიკადებისაგან გაათავისუფლეს, თუმცა მათმა გამოჩენამ აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და მათ მთავრობას ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

კომენტარები