პრინცი ენდრიუ

ელისაბედ II-მ პრინც ენდრიუს საჯარო მოვალეობებისაგან ჩამოშორების უფლება მისცა

პრინცი ენდრიუ
AP

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ პრინც ენდრიუს "თვალმისაწვდომ მომავალში საჯარო მოვალეობებისაგან" ჩამოშორების უფლება მისცა.

"უკანასკნელ დღეებში ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჯეფრი ეპსტინთან ჩემი წარსული ასოციაცია ოჯახის და ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაობისათვის, რასაც სიამაყით ვუჭერდი მხარს, ხელის შემშლელია. ამიტომ მის უდიდებულესობას ვთხოვე საჯარო მოვალეობებს ჩამოვშორებოდი და მან ამის უფლება მომცა.

მე კვლავ ვნანობ ჯეფრი ეპსტინთან ჩემს ცუდად გაანალიზებულ ასოცირებას. მისმა თვითმკვლელობამ ბევრი კითხვები დატოვა, განსაკუთრებით მისი მსხვერპლებისათვის და თანავუგრძნობ ყველას. მხოლოდ იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ცხოვრების ხელახლა აწყობას შეძლებენ. რა თქმა უნდა მზად ვარ დავეხმარო გამოძიებას, თუ ეს საჭირო გახდება." ნათქვამია პრინცი ენდრიუს სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

იორკის ჰერცოგი და ელისაბედ მეორისა და ჰერცოგ ფილიპის მესამე შვილი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც მისი და პედოფილიაში ბრალდებული ჯეფრი ეპსტინის მეგობრობის შესახებ BBC-სთან ისაუბრა.

ინტერვიუში მან მოყვა, რომ ეპსტინს პირველად 1999 წელს შეხვდა, თუმცა მოგვიანებით პრინცის შტაბის ყოფილმა უფროსმა თქვა, რომ შეხვედრა 90-იან წლებში, უფრო ადრე მოხდა.

პრინც ენდრიუს ეპსტინთან მეგობრობაზე დაუსვეს კითხვები, მათ შორის მას შემდეგ ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაც ეპსტინი ტრეფიკინგსა და პედოფილიაში დაადანაშაულეს. ბრალის წაყენების შემდეგ ფოტოგრაფებმა ენდრიუ ეპსტინის სახლში დააფიქსირეს. მან თქვა, რომ იქ 4 დღით დარჩა, რადგან მოსახერხებელი ადგილი იყო და ვიზიტის მიზანს ეპსტინთან ურთიერთობის დასრულება წარმოადგენდა.

ეპსტინის მხრიდან ტრეფიკინგის ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი ამბობს, რომ როდესაც ის 17 წლის იყო ლონდონში სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან, კონკრეტულად კი პრინც ენდრიუსათან შესახვედრად და სექსუალური კავშირისათვის ჩაიყვანეს. ენდრიუ ბრალდებას უარყოფს.

ინტერვიუს შემდეგ პრინც ენდრიუსთან კავშირი არერთმა კომპანიამ და ინსტიტუტმა გაწყვიტა.

ჯეფრი ეპსტინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეწეოდა. ტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დააკავეს. დაკავებიდან მალევე ეპსტინი საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

კომენტარები