საპროტესტო აქცია პარლამენტთან

მდინარაძე: ოპოზიციამ კონსტიტუციური და სამართლებრივად სწორი ერთი მოთხოვნაც ვერ დააყენა

ტაბულა

ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ 3 დღის განმავლობაში ისიც ვერ მოახერხა, სამართლებრივად სწორი და კონსტიტუციური წინადადება შეეთავზებინა მმართველი გუნდისთვის მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

"თქვენ ნახეთ, რომ 3 დღის განმავლობაში მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს ისეთი, პოზიციაც კი ვერ დააფიქსირეს ისეთი იქ შეკრებილი პარტიების ლიდერებმა, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ხან გვთავაზობდნენ გერმანულ მოდელს, 100 ხმით თითქოს გასული იყო კანონპროექტი და ა.შ. მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც ვერ დააყენეს.

ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ძირითადი ბირთვი, მათი შემტევი ძალა გვაქვს მხედველობაში, როცა ვითომ ახორციელებდნენ საკონსტიტუციო პროექტებს, რეფორმებს, თუმცა, თითი თითზეც კი არ დაუდიათ იმისთვის, რომ შეეცვალათ კონსტიტუცია ისე, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო პროპორციული არჩევნები. შესაბამისად, ამ ხალხისგან პროპორციულ არჩევნებზე აღშფოთება ცოტა არარელევანტურია. საქართველოს ისტორიაში პირველად პროპორციული არჩევნები ქართულმა ოცნებამ ჩაწერა. მანამდე ეს არავის მოუფიქრებია, არავის გაუვლია აზრად. ახლა საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ვადის გადმოწევაზე. ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა აღსრულებული, შესაბამისად 2020 წელს არჩევნები გაიმართება შერეული სისტემით", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

14 ნოემბერს ქართული ოცნების 40-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

ამით ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია 24 ივნისს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა, რომელიც მან 20-21 ივნისის - გავრილოვის ღამის და მოქალაქეების დარბევის შემდეგ დადო, ფასთომასშტაბიანი პროტესტის პასუხად.

შესაბამისად, განახლდა საპროტესტო აქციებიც.

პროტესტის მონაწილეები დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 2020 წელს პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა ზაფხულში ანტირუსული პროტესტის ფონზე დადო.

აქციის მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია, ე.წ. "გერმანული მოდელით". პროტესტს პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ. მმართველი გუნდი ამბობს, რომ გერმანურლი მოდელი არაკონსტიტუციურია, თუმცა, ოპოზიცია და კონსტიტუციონალისტები ამ განცხადებებს "მტკნარ სიცრუეს" უწოდებენ. 

აქციის პარალელურად, პარლამენტთან და პარლამენტის შენობაში, ასევე კანცელარიასა და ქართული ოცნების ოფისთან, დილიდან მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო დანაყოფები.

კომენტარები