ბოლივია

ბოლივიაში ყოფილი პრეზიდენტის, ევო მორალესის მხარდამჭერ აქციებზე 8 ადამიანი დაიღუპა

Reuters

ბოლივიაში გადამდგარი პრეზიდენტის, ევო მორალესის მხარდამჭერების აქციები გრძელდება. პარასკევს ქვეყნის უსაფრთხოების ძალებსა და დემონტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. უსაფრთხოების ძალებმა მორალესის მხარდამჭერების მისამართით ცეცხლი გახსნეს. დაიღუპა სულ მცირე 8 ადამიანი.

ბოლივიის სახალხო დამცველის ინფორმაციით 20 ოტქომბრის არჩევნების შედეგად დაწყებული არეულობის განმავლობაში სულ 19 ადამიანი დაიღუპა.

ევო მორალესი პრეზიდენტის პოსტიდან 10 ნოემბერს გადადგა. მან თქვა, რომ მის წინააღმდეგ საფუძვლიანი ბრალდებები არ არსებობს, თუმცა ქვეყანა უკვე დატოვა და მექსიკაში გაიქცა.

ქვეყნის გარდამავალმა პრეზიდენტმა ხეანინე ანიესმა თქვა, რომ თუ მორალესი ბოლივიაში დაბრუნდება მას გაასამართლებენ.

ანიესმა თავი გარდამავალ პრეზიდენტმად 12 ნოემბერს გამოაცხადა. მან უკვე გაწყვიტა კავშირი ვენესუელასთან და სამშობლოში გაგზავნა 700-მდე კუბელი ექიმი.

ანიესი ადვოკატია და 2010 წლიდან ოპოზიციიონერი სენატორი. ის ბოლოს სენატის ლიდერის მოადგილის პოსტს იკავებდა. არჩევნების შემდეგ პოსტი მორალესთან ერთად ვიცე-პრეზიდენტმა და სენატისა და პარლამენტის ქვედა პალატის ლიდერებმაც დატოვეს.

მისი თქმით ქვეყანაში რაც შეიძლება მალე ხელახალი არჩევნების ჩატარება სურს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ 20 ოქტომბრის არჩევნებში იპოვეს "აშკარა მანიპულაციის" ნიშნები და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს. მორალესმა მათი პოზიცია გაიზიარა და გამოაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის რეფორმის შემდეგ ხელახალი არჩევნების დანიშვნას გეგმავდა.

მიუხედავად ამ დაპირებისა, მოსახლეობამ, პოლიტიკოსებმა და არმიის გენერლებმა მას გადადგომისაკენ მოუწოდეს. მორალესის რამდენიმე მოკავშირემ თქვა რომ მათზე თავდასხმა მოხდა და მათი სახლები გადაწვეს. უსაფრთხოების რისკების გამო თანამდებობა დატოვა მისი მოკავშირეების ნაწილმა. სატელევიზიო მიმართვაში მორალესმა თქვა, რომ თანამდებობას დატოვებდა და მომიტინგეებს მოუწოდა მის დებზე და ძმებზე თავდასხმა შეწყვიტონ.

20 ოქტომბერის არჩევნებზე, ოფიციალური პირების თქმით, მორალესმა ხმების 47.1% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა კარლოს მესამ კი 36.51%, რითიც მორალესმა მეორე ტური თავიდან აიცილა. ამგვარად, მორალესი, რომელიც ბოლივიას 13 წელია მართავს, ქვეყნის სათავეში 2025 წლამდე დარჩებოდა.

მომიტინგეებს მიაჩნდათ, რომ არჩევნები გააყალბეს. ამის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხმების დათვლა 24 საათით შეფერხდა. მანამდე, უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული პირველადი შედეგების მიხედვით მორალესს და მესას თითქმის თანაბარი მხარდაჭერა ჰქონდათ და მეორე ტური უნდა დანიშნულიყო. ხმის დათვლის შეფერხების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მორალესი მესას 10 ნიშნულით უსწრებდა, რაც საკმარისი იყო მეორე ტურის თავიდან ასარიდებლად.

მორალესი გაყალბების ბრალდებებს უარყოფდა, მესა კი მეორე ტურის დანიშვნას მოითხოვდა. მის მოთხოვნას მხარს უჭერდენ აშშ, ბრაზილია, არგენტინა და ჩილე.

მორალესის მხარდამჭერმა კუბამ და ვენესუელამ მისი გადადგომა სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასეს.

კომენტარები