რუსული ოკუპაცია

MOH: ყველა შესაძლო ღონისძიებას მივმართავთ უკანონოდ გატაცებული ექიმის გასათავისუფლებლად

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება. 

"სამინისტრო ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართავს, რათა უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი. 

სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის წითელ ჯვართან.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მომხდარ უკანონობას მოყვება ადეკვატური რეაგირება და ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან" - აცხადებს სამინისტრო.

რუსულ საოკუპაციო ძალებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 6 დღეა, გატაცებული ჰყავთ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ "საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით" დაკავებულ ექიმს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა, 9-11 ნოემბერს, ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

კომენტარები