აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაბმას აპირებს

მაიკლ ბლუმბერგი
GETTY IMAGES

მილიარდერი ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას სერიოზულად განიხილავს.

მას დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოპოვება სურს. ბლუმბერგი შესაძლოა ოფიციალურად მიმდინარე კვირას ალაბამაში, დემოკრატიული პარტიის პრაიმერისში ჩაერთოს.

ნიუ იორკის ყოფილ მერს მიაჩნია, რომ დემოკრატიული პარტიის მიერ წამოყენებული კანდიდატები ტრამპის დამარცხებას ვერ შეძლებენ.

"ჩვენ უნდა დავასრულოთ საქმე და უზრუნველვყოთ ტრამპის დამარცხება. მაგრამ მაიკს უფრო და უფრო აწუხებს ეჭვი, რომ მოქმედი კანდიდატები ამას ვერ შეძლებენ." თქვა ბლუმბერგის სპიკერმა.

ამჟამად ნომინაციისათვის 17 დემოკრატი იბრძვის. ლიდერობენ ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი. გამოკითხვები აჩვენებს, რომ უორენის ან სანდერსის, რომლებიც მემარხენე პოლიტიკით გამოირჩევიან, ნომინაციის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს.

77 წლის მაკლ ბლუმბერგი წარსულში უოლ სტრიტის ბანკირი იყო და საგამომცემლო იმპერია შექმნა, რომელიც მის სახელს ატარებს. მილიარდერი აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას და მილიონობით დოლარით აფინანსებდა განათლებას, მედიცინას და სხვა სფეროებს.

ის დემოკრატი იყო, თუმცა რესპუბლიკურ პარტიაში გადავიდა და სწორედ ამის შემდეგ, 2001 წელს გახდა ნიუ იორკის მერი. მას ეს პოსტი 2012 წლამდე ეკავა. ბლუმბერგი დემოკრატიულ პარტიას გასულ წელს დაუბრუნდა.

ბლუმბერგის პოლიტიკური შეხედულებები დემოკრატიულ პარტიაში ზომიერად მიიჩნევა. ის კლიმატის ცვლილებას მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს და აფინანსებს ჯგუფს, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მან საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა დააპირა, თუმცა წარსულში გადაიფიქრა, რადგან მიაჩნდა, რომ ნიუ იორკელ მილიონერს ხმას არ მისცემდნენ. 2016 წლის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ მისი ეს ეჭვი გაქარწყლდა

კომენტარები