წმიდა სინოდი

მეუფე გრიგოლი: განყენებას მეტი განხილვა სჭირდება, იმედია, სინოდის წევრებმა კარგად იფიქრეს

მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი
facebook.com/grigol.berbichashvili

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი მიიჩნევს, რომ მღვდელმთავრის განყენებას "მეტი ინფორმაცია და მოსამზადებელი სამუშაო სჭირდება". ის იმედოვნებს, რომ "კარგად დაფიქრდა, კარგად იფიქრა სინოდის ყველა წევრმა" და დარწმუნებულები არიან თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში. აღსანიშნავია, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი სინოდის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.

"ამ ვითარებაში, როცა საქართველოს ჰყავს გარე და შიდა მტერი, როდესაც ასეთი უმძიმესი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, ეკლესია ჩვენი არსებული რეალობიდან და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანიზმია, მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის როგორც სადღეისო, ისე სამომავლო ჭრილში. ამას განსაკუთრებით მოფრთხილება და ძალიან ღრმა, დაფიქრებული მიდგომა სჭირდება.

მე მეტის არაფრის თქმა შემიძლია სინოდის ამ დადგენილებასთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო მეტი ინფორმაცია წინდაწინ, რომ წინდაწინ გვემსჯელა, განგვეხილ ამ საკითხის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, იმისთვის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ მტრის წისქვილზე არ დავასხათ თავი.

იმედს ვიქონიებ, რომ კარგად დაფიქრდა, კარგად იფიქრა სინოდის ყველა წევრმა და დარწმუნებული არიან თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ამ ტიპის სირთულის და სიმძიმის გადაწყვეტილება მეტ სინათლეს და მეტ მოსამზადებელ სამუშაოს საჭიროებდა" - ამბობს მეუფე გრიგოლი.

კითხვაზე, თავად რომ ყოფილიყო სინოდის სხდომაზე, მისცემდა თუ არა ხმას მეუფე პეტრეს წინააღმდეგ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი პასუხობს, რომ თავად არავის წინააღმდეგ მისცემდა ხმას.

"მე გითხარით ჩემი აზრი, გამოვთქვი სავსებით გასაგებად, მე მოვითხოვდი საკითხის უკეთესად შესწავლას. მე საერთოდ არავის წინააღმდეგ არ მივცემ ხმას, ყოველთვის მომხრე ვარ, უფრო სიღრმისეულად მოხდეს საკითხების განხილვა და ჩვენ წინაშე დავაყენოთ უპირველესად ჩვენი ერთობა, საეკლესიო ერთობა, რომელიც სასიცოცხლოდ საჭიროა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, პატარა ერისთვის, როგორიც საქართველოა" - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. 

წმიდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა.

კომენტარები