საქართველო-აშშ

ზალკალიანი: ბოლო წლების მსგავსი მაღალი დონის ურთიერთობა აშშ-სთან არ გვქონია

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოსთვის მისასალმებელია  ის აქცენტები, რომელსაც აშშ-ის მომავალი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აკეთებს. 

ზალკალიანმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, დეგნანის განცხადებები პრაქტიკაშიც განხორციელდეს და ეს ასეც იქნება, ვინაიდან "ასეთი დონის მაღალი ურთიერთობა" საქართველოსა და აშშ-ს შორის ჯერ არ ყოფილა. 

"ჩვენთვის მისასალმებელია ის აქცენტები, რომელიც მან გააკეთა მოსმენის დროს. ფოკუსი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციაზე, ამერიკის მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, ჩვენი ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი, რომელიც ამ განწყობით მოდის და მას აქვს ეს სურვილები, ითარგმნოს პრაქტიკულ თანამშრომლობაში და ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ის ურთიერთობის დონე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომელიც არის ყველაზე მაღალი ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი დონის მაღალი ურთიერთობა ჩვენ ამერიკასთან არ გვქონია", - თქვა დავით ზალკალიანმა. 

ამერიკის მომავალ ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს აშშ-ის სენატმა გუშინ, 29 ოქტომბერს მოუსმინა. დეგნანის მიმართ სენატორების კითხვების დიდი ნაწილი რუსეთის საკითხსა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ეხებოდა.

მომავალმა ელჩმა თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ხაზი გაუსვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში ჩატარებას. ისაუბრა საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოსა და მედიის განვითარებასა და ხელშეწყობაზე.

კომენტარები