არჩევნები 2020

მდინარაძე ევსაქებს: აფენში ხომ მიიღეთ 14%, გაძლევთ გარანტიას, ეს იქნება თქვენი მაქსიმუმი

ქართული ოცნება

"ყველანი ხომ იყავით ჩასულები და მიიღეთ 14% და გაძლევთ გარანტიას, რომ ეს იქნება თქვენი მაქსიმუმი" - მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ევროპული საქართველოს დეპუტატებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში ჩატარებული საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შესახებ. იქამდე, მდინარაძემ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის გზავნილების გატარებაში დაადანაშაულა. მას ირმა ინაშვილმა მოუწოდა, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, "პროცენტების ბრახა-ბრუხისგან" თავი შეიკავონ. 

"გუშინწინ, როდესაც ჩასული იყო ბოკერიას პარტიის მთლიანი შემადგენლობა, (თქვენ [მიმართავს ინაშვილს] რაკი გიყვართ ასე მოხსენიება, მეც ასე მოვიხსენიებ), იქ მიიღეს 14% და ქართულმა ოცნებამ მიიღო 84%. ეს არის ფაქტები... 

...ქალბატონებო და ბატონებო [ევროპულ საქართველოს], ძალიან ღიმილით რომ უყურებთ ამას, ყველანი ხომ იყავით ჩასულები და მიიღეთ 14% და გაძლევთ გარანტიას, რომ ეს იქნება თქვენი მაქსიმუმი" - თქვა მდინარაძემ.

27 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური არჩევნები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემებში ჩატარდა. ადიგენსა და მარტვილში მხოლოდ ქართული ოცნების კანდიდატები იყრიდნენ კენჭს. რაც შეეხება ლაგოდეხს, ქართული ოცნების კანდიდატმა ომარ შველიძემ ხმების 84.4% მიიღო, ევროპული საქართველოს კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა - 14.71%.

აღსანიშნავია, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დაკვირვებით, საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე "მასიური სახე ჰქონდა ქართული ოცნების კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას". კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს ქართული ოცნების კოორდინატორები საკუთარ ავტომობილებსა და საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებულ მაგიდებთან აღრიცხავდნენ.

კომენტარები