მდინარაძე მეუფე იაკობის განცხადებებზე: ოპოზიცია ცდილობს სარგებელი ნახოს

პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებების თემით ოპოზიცია ცდილობს სარგებელი ნახოს. მდინარაძის თქმით, ანსაკუთრებით ცუდი საქციელია, როდესაც პირველივე მსგავსს საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტები ცდილობენ თემები აწიონ და პოლიტიკური სპეკულაციები მოაყოლონ.

"ეს არ არის სწორი საქციელი, არანაირ პოლიტიკურ მორალში ეს არ ჯდება, ამიტომ ყველას ვურჩევ თავი შეიკავონ მსგავსს საკითხებზე ასეთი დამოკიდებულებისაგან," - ამბობს მდინარაძე. 

რაც შეეხება თავად მეუფის განცხადებებს, მდინარაძე ამბობს, რომ განსაკუთრებულ სიღრმეებში არ შევა და "უნდა გამოვყოთ რაღაც საკითხები, რომლებზეც უნდა ვისაუბროთ ძალიან ფრთხილად."

.......

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

კომენტარები