მოგზაურობა

Ryanair პირველ რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 6 ნოემბერს შეასრულებს

Ryanair

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით იქნება:

  • მილანი-თბილისი-მილანი - 6 ნოემბრიდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;
  • მარსელი-ქუთაისი-მარსელი - 7 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია - 9 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

Ryanair-ის საქართველოში შემოსვლა წლის დასაწყისში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დააანონსა. მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია პირდაპირ მიმართულებებს დაამატებდა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ 2013 წელს, Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება "არამიზნობრივი" და "არახელსაყრელი" იყო. 

საქართველოს მთავრობას ირლანდიურ კომპანიასთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებდა ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, Ryanair-თან ხელშეკრულება 2013 წელს უნდა გაფორმებულიყო, რაც საქართველოს მთავრობამ ჩაშალა. კანდელაკი ამბობს, რომ გეგმის თანახმად, Ryanair-ის შემოსვლის შემთხვევაში, დღეს ქუთაისის აეროპორტს ორ მილიონზე ბევრად მეტი მგზავრი უნდა ჰყოლოდა. 

კომენტარები