ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა

მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტი დავით ზალკალიანს მოუსმენს

მარშალპრესი

დღეს, 17 ოქტომბერს, პარლამენტი საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმენს. პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00-ზე დაიწყება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, უმრავლესობას კითხვები ექნება ყველა იმ საკითხზე, რაც ქვეყნის დღის წესრიგში საგარეო მიმართულებით დგას. რაც შეეხება ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრას, ქაცარავას აზრით, ამაზე, სავარაუდოდ, კითხვები ექნება ოპოზიციას, "რაც გასაკვირი არ არის".

რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დავით ზალკალიანი კომიტეტზე დაიბარა. მმართველმა გუნდმა მინისტრის კომიტეტზე მისვლის აუცილებლობა ვერ დაინახა. მათი განცხადებით, მინისტრის საათის ფარგლებში, დავით ზალკალიანის პარლამენტში მოსმენა "ისედაც იგეგმებოდა".

რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები 26 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვდნენ. ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეხვედრა თავად მინისტრმა ზალკალიანმა მოითხოვა. 

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის გია ვოლსკის თქმით, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ნამდვილად საქართველომ მოითხოვა, თუმცა, მისი შეფასებით, ეს "ქედის მოხრას" და "საერთაშორისო კონტექსტიდან საქართველოს ინტერესების ამოვარდნას" არ ნიშნავს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრები ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ "დღეს რომ მკითხოთ, იმავე ნაბიჯს აუცილებლად გადავდგამდი".

კომენტარები