რუსთავი 2-ის საქმე

გიორგი ლაფერაშვილის გამოკითხვა დასრულდა, მან პროკურატურა დატოვა

გიორგი ლაფერაშვილი

ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციოს ხელმძღვანელმა, გიორგი ლაფერაშვილმა მთავარი პროკურატურა დატოვა.

გამოკითხვა 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, გიორგი ლაფერაშვილმა ჟურნალისტებთან დეტალებზე ვერ ისაუბრა, რადგან მას გაუთქმელობაზე აქვს ხელწერილი დადებული.

"გავიდა 2 თვეზე მეტი ამ საქმის გამოძიებიდან და პროკურატურას ტელეკომპანია "ფორმულას" გენდირექტორის და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გამოკითხვა დასჭირდა მაშინ, როდესაც ტელეკომპანია "ფორმულა" ეთერში გავიდა. ბუნებრივია, ჩვენ არ ვეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის კატა ნამდვილად იქ არის, ვამბობთ რომ ის იქ არის. შავი კატებით არის ის ოთახი სავსე და ამიტომ ვამბობ, რასაც ვამბობ", - თქვა გიორგი ლაფერაშვილმა.

გიორგი ლაფერაშვილთან ერთად, პროკურატურაში დაბარებული იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილიც, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა.

როკურატურა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის "კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ან გადამალვის" საქმეს იძიებს. 

ამ საქმეზე ტელეკომპანია "ფორმულას დირექტორი", ზურაბ გუმბარიძე მთავარ პროკურატურაში გუშინ გამოკითხეს.

შეგახსენებთ, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, რუსთავი2-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. 

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

11 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა 80 000 ლარს ითხოვდა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა. თუმცა 11 სექტემბერს facebook-ზე დაწერა, რომ გირაოს გადაიხდიდა.

კომენტარები