შეწყალების საქმე

თალაკვაძე: ოპონენტების განცხადებები შეწყალებაზე რეალურად არის სამმაგი სტანდარტი

"ოპონენტების განცხადებები შეწყალებასთან დაკავშირებით რეალურად არის სამმაგი სტანდარტი," - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. თალაკვაძის თქმით, წინა პრეზიდენტების შეწყალებების დროს ეს ადამიანები არ წუხდნენ. 

"როდესაც ექს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, მაშინ, ბევრი ახლანდელი კრიტიკოსი, არანაირი წუხილებით არ გამოსულა, შემდეგ, როდესაც ექს პრეზიდენტი მარგველაშვილი იწყალებდა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს და „ქართული ოცნება“ მას აკრიტიკებდა, ისინი აცხადებდნენ რომ ეს არის პოლიტიკური შეტევა პრეზიდენტზე და და დღეს, როდესაც შეიწყალა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ პირველები, ვინც დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვენ," - ამბობს თალაკვაძე. 

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, თუ სამმაგი სტანდარტის მქონე ადამიანებს, საზოგადოება ადეკვატურ შეფასებას არ მისცემს და ადგილს არ მიუჩენს, ქვეყანაში სიმართლის და სიცრუის გარჩევა რთული იქნება.

„ეს არის სამმაგი სტანდარტი და თუ ჩვენი საზოგადოება ამას ადექვატურ შეფასებას არ მისცემს და იმ ადამიანებს, ვინც სამ სხვადასხვა შემთხვევაში, სამჯერ სხვადასხვანაირად საუბრობდნენ, არ მიუჩენს თავის ადგილს საზოგადოებაში და პოლიტიკაში, მაშინ ძალიან რთული იქნება სიმართლის და სიცრუის გარჩევა ჩვენს ქვეყანაში. ფაქტია, რომ სამჯერ, ერთსა და იმავე საკითხზე, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა თანმიმდევრული პოზიცია და ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ არათანმიმდევრული, სამივეჯერ განსხვავებული პოზიცია," - ამბობს თალაკვაძე.

ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების გამო აკრიტიკებს და ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. 

ზურაბიშვილს აკრიტიკებენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც და ამბობენ, რომ განმარტებებია საჭირო. 

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ევროპული საქართველოს წყაროს ინფორმაციით კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდებოდა და მათივე წყაროს ინფორმაციით გაბუნია ამაში ფულს იღებდა. 

მას შემდეგ რაც, პარტიამ პროკურატურას წერილობით მიმართა, უწყებამ გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო. 

კომენტარები