მზია ამაღლობელი

"ბათუმელების" დამფუძნებელი თავისი ოჯახის 5 წევრის დაკავებას მედიასაქმიანობას უკავშირებს

მზია ამაღლობელი
მთავარი არხი

გაზეთ ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ოჯახის 5 წევრს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 21 სექტემბერს გაიმართა

ამაღლობელის ნათესავები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე, როინ კოჩალიძეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულების მტკიცებით კი, სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პოლიციელმა მათ აგინა და იარაღი მიაბჯინა და ფიზიკური დაპირისპირებაც სწორედ ამას მოჰყვა. შემთხვევა 16 სექტემბერს მოხდა. 

უფრო კონკრეტულად, აჭარის ტელევიზიის ცნობით, ბრალდებულების ვერსიით, ისინი ბარათაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ქეიფობდნენ, მოგვიანებით ტაქსი გამოიძახეს და ეზოში ელოდებოდნენ. ხმამაღლა საუბრობდნენ და იქვე მდგომ ავტომობილს მიერყდნენ.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ავტომობილი იქვე მცხოვრებ შს სამინისტროს მაღალჩინოსანს, როინ კოჩალიძეს ეკუთვნოდა, რომელიც ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფებოდა. 

დაკავებულების თქმით, როინ კოჩალიძე მათთან მივიდა, აგინა და იარაღი მიაბჯინა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულების თქმით, კოჩალიძე სამოქალაქო ფორმაში იყო და მათ შეურაცხყოფას აყენებდა. 

პროკურატურის ვერსიით კი, პოლიციელი როინ კოჩალიძე მათთან მივიდა, თავი წარუდგინა და წესრიგისკენ მოუწოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, 5 პირი მას თავს დაესხა. 

დაკავებული 5 პირიდან ერთ-ერთი პოლიციამ ინციდენტიდან 4 დღის შემდეგ მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავა. 

ბათუმელების რედაქტორი, ეთერ თურაძე ამბობს, რომ ამაღლობელის ოჯახის წევრების დაკავება მისი მედიის საქმიანობას უკავშირდება. 

როგორც თურაძე ამბობს, ამ ვარაუდის საფუძველი ისიც არის, რომ დაკავებულები ამაღლობელთან ერთად არ ცხოვრობენ, თუმცა, მისი სახლი მაინც გაჩხრიკეს. 

"ჩვენთვის, როგორც მედიისთვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტია ის, რომ როდესაც თითქოს ერთ-ერთ ბრალდებულს ეძებდნენ, ამისთვის სახლში კი არ მიაკითხეს, ჩვენი გამომცემლის, დირექტორის ოჯახში მივიდნენ, რატომღაც მათ აღმოაჩნდათ განჩინება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენთვის, როგორც მედიისთვის, იყო მესიჯი" 

თავად მზია ამაღლობელი ამბობს:

"ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი პირის ჩხრეკა ჩატარდა ჩემ სახლში, რომელიც არ ცხოვრობს ჩემთან, ბუნებრივია, ბადებს ეჭვს, რომ ირიბად, რაღაც მესიჯი იყო ჩემ მიმართ". 

გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა, შემდეგ კი 353-ე მუხლით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გადაკვალიფიცირდა და დამძიმდა. 

ეთერ თურაძის თქმით, ბრალდების შეცვლის მიზეზი ის არის, რომ როინ კოჩალიძე გავლენიანი და შს მინისტრის მოადგილესთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან დაახლოებული პოლიციელია. 

"არის სრულიად აბსურდი, ბრალდება იმიტომ შეიცვალა, რომ პოლიციელი კოჩალიძე არის გავლენიანი პოლიციელი, ის არის პოლკოვნიკი ჩინით და ჩემი ინფორმაციით, დაახლოებულია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, [ვლადიმერ] ბორცვაძესთან", - თქვა მან. 

პროკურატურა გეგმავს, სასამართლოს მიერ დაკავებულებისთვის შეფარდებული გირაო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, ვინაიდან, პროკურორის თქმით, ბრალდებას პატიმრობის შეფარდების შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობა ჰქონდა.

კომენტარები