ჰონგ-კონგი

აშშ-ის კონგრესში ჰონგ-კონგელებს ძირითადი თავისუფლებების კანონპროექტის მიღებაზე მოუსმინეს

REUTERS

17 და 18 სექტემბერს ვაშინგტონში ჰონგ-კონგელ აქტივისტებს აშშ-ის კონგრესში მოუსმინეს. ისინი აშშ-ისგან ჩინეთის შესაკავებლად ხისტ პასუხს ელოდებიან, მათ შორის სავარაუდო სანქციების დაწესებას. 

კონგრესში ოპოზიციონერ ჯოშუა ვონგს, მუსიკოს და აქტივისტ დენის ჰოს, აკადემიისა და სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლებს მოუსმინეს. 

მათ ჩვენებებში ჰონგ-კონგის მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს - პოლიციის ძალის გადამეტების ფაქტებზე და ჩინეთის მცდელობაზე ძირი გამოუთხაროს ჰონგ-კონგის ავტონომიის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპს.

"პეკინს არ უნდა შეეძლოს ორივე - ჰონგ-კონგის ყველა ბენეფიტით სარგებლობა და ამავდროულად ჩვენი თავისუფლებების გაქრობა. ჩვენი უმთავრესი მოთხოვა არის ნამდვილი სტრუქტურული ცვლილება, რაც თავისუფალ არჩევნებს გულისხმობს," - თქვა ოპოზიციონერმა ვონგმა

საგარეო საქმეთა კომიტეტი კანონპროექტზე დებატებსა და ხმის მიცემას მომავალი კვირიდან დაიწყებს. კანონპროექტის ტექსტი საბოლოო არაა მანამ, სანამ კონგრესის ორივე პალატა მას არ დაუჭერს მხარს. შემდეგ კი პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი იმისთვის, რომ კანონი გახდეს.

რესპუბლიკელმა კრის სმიტმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები უნდა დააკისროს ყველას, ვინც ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების დარღვევაზეა პასუხისმგებელი. 

"დემოკრატები და რესპუბლიკელები, წარმომადგენელთა პალატაში და კონგრესში დიდი ენთუზიაზმით უჭერენ მხარს ამ ამ კანონპროექტს. ჩვენ მათ გვედით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანი, იმედიანი მომავლისთვის იბრძვის," - განაცხადა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ

აშშ-ის სენატორმა მარკო რუბიომ და ჩინეთზე კონგრესის აღმასრულებელი კომისიის ხელმძღვანელმა კრის სმიტმა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტი თავდაპირველად 2017 წელს წარადგინეს. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აშშ-ს შეუძლია გააკეთოს არის ის, რომ მხარი დაუჭიროს ჩემ მხარდაჭერილ კანონპროექტს. ამით სახელმწიფო დეპარტამენტს ყოველწლიურად დაევალება განიხილოს, ჰონგ-კონგი ინარჩუნებს თუ არა დამოუკიდებელ ავტონომიას, რასაც ჩინეთი თითქმის 30 წლის წინ შეთანხმებაზე ხელის მოწერით დათანხმდა. ეს ყოველ წელს უნდა გადაიხედოს, რადგან ნათელია, რომ ჩინეთი ჰონგ-კონგის კონტროლს ცდილობს, რაც არღვევს იმ შეთანხმებას, რომელიც მსოფლიოს წინაშე დადეს," - განაცხადა სენატორმა რუბიომ.


ფოტო: Twitter/Denise Ho

კანონპროექტით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ.

აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ჰონგ-კონგის საკითხზე შეხვედრა შესთავაზა. შეხვედრის შეთავაზებამდე ცოტა ხნით ადრე მან მომავალ ტარიფებზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩინეთს თავდაპირველად ჰონგ-კონგთან უნდა ემუშავა ჰუმანურად - "რათქმაუნდა, ჩინეთს შეთანხმების მიღწევა სურს. დაე, თავდაპირველად ჰონგ-კონგთან იმუშაონ ჰუმანურად!"

მე-4 თვეა, რაც ჰონგ-კონგში პრო-დემოკრატიულ აქციებზე მილიონობით ადამიანი კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ერთმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ოპოზიციონერი აქტივისტები უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.

ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ.

კანონპროექტის განხილვა ივნისში საპროტესტო აქციების შედეგად შეჩერდა, თუმცა მომიტინგეები მის სრულ გაწვევას ითხოვდნენ. 

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. 29 აგვისტოს ჰონგ-კონგში ჩინეთის ჯარი შევიდა და როტაცია განახორციელა.

26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია. საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ჰონგ-კონგში მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები