პრეზიდენტის შეწყალება

ბესელია ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე: მგონია, რომ არ არის რელევანტური

ტაბულა

პარლამენტის დამუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს იგი არ იზიარებს, მანამ, სანამ არ გამოაშკარავდება კონკრეტული ფაქტები.

"იმპიჩმენტის საფუძველია დანაშაულის ჩადენა. დანაშაულის ჩადენის კონკრეტული მტკიცებულებები ჯერ არავის წარმოუდგენია, გარდა იმისა, რომ ამბობენ, რომ მორალურად და ზნეობრივად არის ეს გასაკიცხი ქმედება, ასე, რომ მე მგონია, რომ იმპიჩმენტის თემაზე საუბარი არ არის რელევანტური", - ამბობს ბესელია ტაბულასთან საუბარში.

მისივე თქმით, უდავოა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რასაც მეტი სიცხადე სჭირდება.

"რა თქმა უნდა, რომ პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს განმარტება, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, უნდა ახსნას, რადგან ნებისმიერი უფლება იმავდროულად ნიშნავს ვალდებულებასაც, უფლების გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად თუ არსებობს რაღაც კითხვები ეს კითხვები უნდა დაისვას", - ამბობს ბესელია.

ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პატიმრების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ, ხოლო დანაშაულის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი დღეს, 18 სექტემბერს, გამოაცხადა. დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორაატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება. 

მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები