სირცხვილია

ჩიტიძე: კვიციანი ხულიგნობისთვის უნდა დაეკავებინათ, პროკურატურას იმუნიტეტის მოხსნა მოეთხოვა

IPN

იურისტ გიორგი ჩიტიძის თქმით, ემზარ კვიციანის დღევანდელი ქმედება ხულიგნობაა და მასზე სისხლის სამართლის კოდექსი ვრცელდება. 

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა დღეს აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან, მთავრობის დამტკიცების სხდომის პარალელურად სირცხვილის დერეფანს მართავდნენ, აგინა, ასევე რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. 

კვიციანმა აგინა პოლიციასაც. თუმცა, ის არ დაუკავებიათ.

ჩიტიძე ტაბულასთან ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტს 48 საათი აქვს, გადაწყვიტოს, მოუხსნის თუ არა დეპუტატს იმუნიტეტს. 

"ბატონი კვიციანის ქმედება არის კლასიკური გაგებით ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა ძალადობით (სცემა ადამიანები), ან/და ძალადობის მუქარით (იგინებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეებს და პოლიციას, ასევე კადრებში ჩანს, რომ ეძიძგილავება პოლიციას და მათ კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილება). შესაბამისად, პოლიციას ადგილზევე უნდა დაეკავებინა დეპუტატი, ხოლო გენერალურ პროკურორს მიემართა პარლამენტისთვის.

რადგან დაკავება უკვე ბრალდებულად ცნობას ნიშნავს, პარლამენტს აქვს 48 საათი გადაწყვიტოს, მოუხსნას თუ იმუნიტეტი დეპუტატს. თუ არ მიუხსნის, დეპუტატი უნდა გათავისუფლდეს, ხოლო თუ მოეხსნა იმუნიტეტი, ჩვეულებრივ წარიმართება საგამოძიებო მოქმედებები" - ამბობს იურისტი.

სისხლის სამართლის 239-ე მუხლის მიხედვით, ხულიგნობა "ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე". 

კომენტარები