მეორე მსოფლიო ომი

80 წელი II მსოფლიო ომის დაწყებიდან - პოლონეთი ნაცისტური და საბჭოთა ოკუპაციის წლისთავს აღნიშნავს

Wikipedia

2019 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერიდან 80 წელი გავიდა. პაქტს თან ახლდა საიდუმლო შეთანხმება ჰიტლერსა და სტალინს შორის, რომელითაც მათ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროები გადაინაწილეს.

სწორედ ამის შემდეგ, 1939 წლის პირველ სექტემბერს გერმანიის საბრძოლო ხომალდმა SMS Schleswig-Holstein-მა ცეცხლი გაუხსნა ქალაქ გდანსკთან, ვესტერპლატეს ნახევარკუნძულზე მყოფ პოლონელ ჯარისკაცებს. ეს თავდასხმა ითვლება მეორე მსოფლიო ომის დასაწყისად.

სწორედ ამ თარიღს აღნიშნავენ დღეს პოლონეთის დედაქალაქში.

"ამ თარიღის აღნიშვნა მსოფლიოსათვის გაფრთხილება უნდა იყოს - მშვიდობის აუცილებლობაზე, ქვეყნების სუვერენიტეტზე და იმაზე, რომ სხვების ხარჯზე არ უნდა მოხდეს მოლაპარაკებები." თქვა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას თანაშემწემ.

ნაცისტური გერმანიის შეჭრიდან 2 კვირის შემდეგ აღმოსავლეთ პოლონეთში საბჭოთა კავშირი შევიდა და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო პუნქტებით გადანაწილებული ტერიტორია დაიკავა.

მეორე მსოფლიო ომში 70 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 მილიონამდე პოლონელი. ჰოლოკოსტს მხოლოდ პოლონეთში 3 მილიონი ებრაელი ემსხვერპლა. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისათვის ბრძოლა 1945 წელს არ დასრულებულა, რადგან მას შემდეგ ისინი საბჭოთა ოკუპაციის და რეპრესიების ქვეშ მოექცნენ და რკინის ფარდის მიღმა აღმოჩნდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის გასვლის აღსანიშნავად პოლონეთის დედაქალაქს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ეწვივნენ, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის და ბელგიის პრემიერმინისტრები, ხორვატიის, ჩეხეთის, ლიტვის, სლოვაკეთის, უნგრეთის, უკრაინისა და საქართველოს ლიდერები. ვარშავაში ელოდნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც, თუმცა ფლორიდის სანაპიროსთან მოახლოებული ქარიშხლის გამო ტრამპმა მის ნაცვლად პოლინეთში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გაგზავნა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დაწყებიდან 70 წლისთავის ღონისძიებებს 10 წლის წინ დაესწრო, თუმცა ის ამჯერად მიწვეული არ არის. ამის მიზეზი ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაა, თუმცა ასევე აღსანიშნავია რუსეთის დამოკიდებულება საბჭოთა წარსულთან და მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობასთან.

მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს პუტინმა ნაცისტებთან დადებული ყველა პაქტი დაგმო, როგორც "მორალური გადმოსახედიდან მიუღებელი", რუსეთში სტალინის და მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში საბჭოთა კავშირის პასუხისმგებლობის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავებულია. რუსეთს არ მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირი ამაში პასუხისმგებლობას იზიარებს და სკოლებში კვლავ ისწავლება, რომ "დიდი სამამულო ომი" არა 1939 წელს, არამედ 1941 წელს დაიწყო, როდესაც ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირში შეიჭრა. მიმდინარე კვირას რუსეთის მთავრობამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტოპის პაქტის რეაბილიტაციის მცდელობაა და ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირი იძულებული იყო ხელი მოეწერა იმის გამო, რომ დასავლეთი წინ ვერ აღუდგა ჰიტლერის აგრესიას.

მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო არქივში პაქტის და საიდუმლო პროტოკოლის ორიგინალი დოკუმენტები გამოიფინა. მასთან ერთად 1938 წლის მიუნხენის შეთანხმება და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის დოკუმენტები, რომლებიც, ორგანიზატორების თქმით ადასტურებს საბჭოთა კავშირის შიშებს, რომ დასავლეთი ცდილობდა ნაცისტური გერმანიის აგრესია მოსკოვისაკენ მიემართა.

პუტინმა ასევე მაგალითად მოიყვანა პოლონეთის მიერ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის ანექსია 1938 წელს და თქვა, რომ მხოლოდ მოსკოვს არ ჰქონდა შეთანხმება ჰიტლერთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი თქვა:

"ამ პირობებში, საბჭოთა კავშირი იძულებული იყო თავად ამუშავა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფიათვის და ხელი მოწერერა გერმანიასთან პაქტზე."

რუსეთის ამ პოზიციას გამოეხმაურა პოლონეთის პრეზიდენტი:

"დღეს, სამწუხაროდ, ბევრი ცდილობს ისტორიის გაყალბებას. ისინი ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომი 1941 წელს დაიწყო. არა - ომი დაიწყო ნაცისტური და საბჭოთა ჯარების შეჭრით პოლონეთში, 1939 წლის სექტემბერში, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის განაწილების მიხედვით." თქვა დუდამ.

რუსეთში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის, რომლის საიდუმლო პროტოკოლის არსებობაც საბჭოთა კავშირმა მხოლოდ 1989 წელს აღიარა, გადაფასება ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო, როდესაც პუტინმა ის მიუნხენის შეთანხმებას შეადარა და ბალტიის ქვეყნები "კოლაბორაციონიზმის გადასაფარად" რუსეთზე თავდასხმაში დაადანაშაულა. პაქტის ქებამ კი პიკს 2014 წელს ყირიმის ანექსიისას მიაღწია, როდესაც მოსკოვმა უკრაინის რევოლუციის მხარდაჭერა ნაცისტებთან კოლაბორაციას შეადარა, ხოლო რუსეთის კულტურის მინისტრმა პაქტს საბჭოთა დიპლომატიის უდიდესი მიღწევა უწოდა. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთში სტალინის პოპულარობა იზრდება.

სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ლევადა-ცენტრის მიერ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სტალინის პიროვნების მიმართ დადებითმა შეფასებამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია. საბჭოთა ლიდერის როლს დადებითად რუსეთის 70% აფასებს.

კომენტარები