რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

R2-დან გათავისუფლებული წამყვანი ომბუდსმენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას სთხოვს

Facebook/ Eka Kvesitadze

რუსთავი 2-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სახალხო დამცველს მიმართავს. კვესიტაძემ საჩივარი ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმში წარადგინა, რომლითაც ტელეკომპანიიდან მისი საქმის შესწავლასა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც კვესიტაძის ინტერესებს იცავს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში განხორციელებული და დაანონსებული საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე რუსთავი 2-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება. წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას, რაც ამ ეტაპზე მისთვის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობაში ვლინდება. შესაბამისად, ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩვარში სახალხო დამცველს სთხოვს მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლასა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას," - ამბობს კვესიტაძე.  

20 აგვისტოს რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია. 

კომენტარები