დიდი შვიდეული

CNN: ტრამპი და მაკრონი 2020 წელს რუსეთის დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვევაზე შეთანხმდნენ

Reuters

CNN-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი 2020 წლის დიდი შვიდეულის სამიტზე მიიწვიონ.

ტრამპმა ჯგუფში რუსეთის დაბრუნების შესახებ გუშინ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის ჯგუფიდან გაგდება ბარაკ ობამას სურდა.

CNN-ის მიხედვით ამავე დღეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართული სატელეფონო საუბრისას მაკრონმა ტრამპს რუსეთის მომავალ წელს მიწვევა შესთავაზა.

Reuters-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთს მიაჩნია, რომ რუსეთმა დიდ შვიდეულში დაბრუნებამდე უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი უნდა აჩვენოს.

Reuters-ის წყარო ტრამპთან სატელეფონო საუბარში მაკრონის კომენტარებს არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამ დრომდე მაკრონი მუდმივად აფიქსირებდა პოზიციას, რომ ჯგუფში რუსეთის დაბრუნებამდე უკრაინის საკითხზე პროგრესი უნდა გამოჩნდეს. მან ეს პოზიცია გაიმეორა ორშაბათს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისასაც.

რუსეთი დიდი რვიანის ქვეყნებიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გააძევეს. დიდი შვიდეულის შემდეგი სამიტი კვირის ბოლოს საფრანგეთში გაიმართება. ჯგუფის თავმჯდომარე მიმდინარე წელს საფრანგეთია, 2020 წელს კი აშშ გახდება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტრამპმა ჯგუფში რუსეთის დაბრუნების იდეა წამოაყენა.

გასულ წელს კვებეკში დიდი შვიდეულის სამიტზე ტრამპმა დასვა კითხვა: "რატომ ვმართავთ შეხვედრას რუსეთის გარეშე? რუსეთი უნდა იყოს შეხვედრაზე, ამის ნაწილი უნდა იყოს."

მაშინ კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, ტრამპს აუხსნა, რომ რუსეთის დაბრუნება "საერთოდ არ განიხილებოდა."

კომენტარები