დიდი შვიდეული

G7-მა ჩრდ. კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება და რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაგმო

G7 დიდი შვიდეული

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება და პარალელურად, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება. შესაბამისი განცხადების ტექსტი გამოაქვეყნეს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ასევე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

გასულ დღეს, 22 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ სადაზვერვო თანამგზავრის ბორტზე ბალისტიკური რაკეტის წარმატებულ გაშვებაზე განაცხადა.

"ეს ქმედება უქმნის სერიოზულ საფრთხეს რეგიონის და არა მხოლოდ რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენებით ნებისმიერი ქმედება, თუნდაც ის ხასიათდებოდეს როგორც სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრი, წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების ცალსახა დარღვევას". - აღნიშნულია G7--ის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების და დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობის გაძლიერებას.

"ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის შესახებ და მოვითხოვთ, ჩრდილოეთ კორეას უარი თქვას ბირთვულ იარაღზე, არსებულ ბირთვულ პროგრამებზე, მასობრივი განადგურების იარაღზე და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებზე სრული, გადამოწმებადი და შეუქცევადი გზით, გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეას ვერ და არასდროს არ ექნება ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს სტატუსი". - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, G7-მა კიდევ ერთხელ დაგმო იარაღის მიწოდება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში.

"ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს, დაიცვან გაეროს საბჭოს რეზოლუციები და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ასეთი საქმიანობა. გარდა ამისა, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ჩრდილოეთ კორეაში ბირთვულ ან ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებული ტექნოლოგიის ნებისმიერი გადაცემის პოტენციალით, რაც კიდევ უფრო საფრთხეს შეუქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები