პოლონეთი - საქართველო

პოლონეთის საგარეო: პოლონეთი რუსეთს მოუწოდებს შეაჩეროს მისი უკანონო ქმედებები საქართველოში

პოლონეთის დროშა
World Atlas

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში საოკუპაციო ძალების მიერ საზღვრის გადმოწევას გამოეხმაურა. 

"პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალში რუსეთის მხარდაჭერილი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ განახლებული სამუშაოების ჩატარების შესახებ, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ქართული ტერიტორიის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მახლობლად მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში, ხელოვნური ბარიერების დაყენების გამო შეშფოთებას გათქვამს.

საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესი, რომელიც 2011 წლიდან მიმდინარეობს, სერიოზულად აისახება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე. შედეგად, ეს ადამიანებისა და საქონლის გადაადგილების თავისუფლებას კიდევ უფრო ზღუდავს. სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩადენილი ეს კიდევ ერთი უკანონო ქმედება არამხოლოდ ამძიმებს უკვე საშინელ ჰუმანიტარულ ვითარებას, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადგილის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მისი უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, მათ შორის: სამხედრო ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარების შეცვლა და ამ რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის შეუზღუდავად მიწოდების დაშვება." - ვკითხულობთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. 

რამდენიმე დღეა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების და ძელების მონტაჟი განაახლეს. მათ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. 16 აგვისტოს, TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ერთერთ ოჯახს ერთი თვის ვადაში ახალ სახლს აუშენებს.

კომენტარები