რუსთავი 2-ის საქმე

კოალიცია პროკურატურას მოუწოდებს R2-ის საქმის გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პროკურატურას მოუწოდებს რუსთავი 2-ის საქმის
გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.

"2019 წლის 01 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2-ის დამფუძნებლები ჯარჯი
აქიმიძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე - მიიღონ კომპანიის 40%, უარს
ამბობენ, სამართლებრივ დავას განაგრძობენ და ხალვაშთან მოლაპარაკებებს წყვეტენ.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლების განცხადების საფუძველზე, მათი ქონებრივი უფლების
იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის 08 დეკემბერს დაიწყო და ისევ
გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე არაერთი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა
თავად რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში ჩართული პირების მხრიდან" - ნათქვამია კოალიციის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, კოალიციას მიაჩნია, რომ ვინაიდან საკითხი ეხება ერთერთ ყველაზე რეიტინგულ მედიასაშუალებას, რომელიც წლებია მის გარშემო მიმდინარე პროცესებით საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, სახეზეა მაღალი საჯარო ინტერესი და საქმის მასალების გასაჯაროების აუცილებლობა.

"აღსანიშნავია, რომ პროკურატურას მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე თავისი
ინიციატივით არაერთხელ გაუსაჯაროებია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალები.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას რუსთავი 2-ის დამფუძნებლების
ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე
მიიყვანოს" - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედიაკლუბი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ღია საზოგადოების ფონდი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
ლიბერალური აკადემია თბილისი
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
სატელევიზიო ქსელი
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები