საკონსტიტუციო სასამართლო

გაუქმდა პატიმრობა ნარკოტიკებისათვის, რომლებიც სწრაფ შეჩვევასა და აგრესიას არ იწვევს

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო თავისუფლების აღკვეთა ისეთი ნარკოტიკების მცირე დოზით დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ შეჩვევასა და აგრესიას.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობის გამოყენება ისეთი ნარკოტიკების შემთხვევებში, რომლებიც იწვევს სწრაფ შეჩვევასა და აგრესიას, არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

საკონსტიტუციოს არ დაუკონკრეტებია, რომელი ნარკოტიკული საშუალებები რომელ კატეგორიაში ექცევა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

"საქმეზე სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადების, შეძენის, შენახვის ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის სანქციის სახედ ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას.

საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა, ერთი მხრივ, სადავო ნორმებით დასჯადი ისეთი ქმედებები, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარება და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით (ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით) შეძენა, შენახვა და დამზადება და, მეორე მხრივ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტი ოდენობით შეძენა, შენახვა და დამზადება. 

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები ქმნიან მოთხოვნას, რითაც ხელს უწყობენ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, შესაბამისად, მოხმარების შეზღუდვა ემსახურება როგორც თავად მომხმარებლის, ასევე საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას.  ამავე დროს, ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების კრიმინალიზება, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. შესაბამისად, მსგავსი ნივთიერების დასჯადობის მიზნები მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვით შემოიფარგლება. ამასთან, ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, პირადი მოხმარების მიზნით, დამზადება, შეძენა და შენახვა წარმოშობს მისი გასაღებისა და ბრუნვაში მოქცევის მინიმალურ, ჰიპოთეტურ რისკებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოხსენებული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხე ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, არ არის იმ ხარისხის, რაც თავისუფლების აღკვეთას გაამართლებდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე გამოყო ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მოხმარებაც იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და პირის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს. სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარი ნარკოტიკული საშუალებების თუნდაც ერთჯერადი მოხმარება, ისევე როგორც აშკარად პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა და შენახვა შეიცავს საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული რისკების პრევენციისა მიზნით, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთა ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში იზრდება როგორც ნარკოტიკული საშუალებების უკანონონო ბრუნვაში პირის მონაწილეობის ხარისხი, ისე უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების გავრცელების და ამ გზით სხვა ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების რისკები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის."

კომენტარები