ჩეჩნეთი

ჩეჩენი თინეიჯერი მთავრობის გაკრიტიკების გამო 46 წუთიან სიუჟეტში ბოდიშს იხდიდა

GROZNY TV

ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიამ 16 წლის მაგომერ ახმატოვს, რომელმაც სოციალურ ქსელში რამზან კადიროვი და მთავრობა გააკრიტიკა, 46 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა. თინეიჯერი სიუჟეტში ბოდიშს იხდის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ახმატოვმა ჩეჩენი თანამდებობის პირები კორუფციასა და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. მან რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირები "ხროვად" მოიხსენია და ახმატ კადიროვის საქველმოქმედო ფონდი გააკრიტიკა.  

"მოვიპარავ თქვენგან მილიონებს და სანაცვლოდ 50 ბინას გაჩუქებთ," - წერდა თინეიჯერი. 

"ექსტრემისტული კომენტარი და მისი შედეგები" ,- ასე ჰქვია სიუჟეტს, რომელშიც თვალცრემლიანი მოზარდი საკუთარი ქმედების გამო ბოდიშს იხდის. ბიჭი ამბობს, რომ დაუჯერა ევროპასა და სირიაში მცხოვრებ ხალხს და დაწერა ის, რაც სინამდვილეში არასწორია.  

"ძალიან ვწუხვარ, რომ მოვტყუვდი. მომხდარი აღარ განმეორდება, ბოდიშს ვუხდი ჩეჩენ ხალხს," - ამბობს ახმატოვი სიუჟეტში. 

სიუჯეტის გასვლამდე ორი დღით ადრე რამზან კადიროვმა მაგომერ ახმატოვის შესახებ ჩეჩნეთის პრესისა და ინფორმაციის მინისტრთან ისაუბრა. მისი თქმით, სოციალურ ქსელში ახმატოვი მას შეუფერებელ სიუტყვებს უწოდებდა. მისივე თქმით, "ახალგაზრდებში ექსტრემიზმის პროფილაქტიკა" აუცილებელია.

კომენტარები