მაჩალიკაშვილი ძმიშვილზე: დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ კარავს გავშლიდი, მას დაიჭერდნენ

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მის ძმიშვილს, მორის მაჩალიკაშვილს, დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ თუ მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე კარავს გაშლიდა, მაშინ მას [მორის მაჩალიკაშვილს] დაიჭერნდნენ. 

ამის შესახებ მაჩალიკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მედიასთან ისაუბრა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსამართლემ მორის მაჩალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

"ციხე არ შეგვაშინებს. არც მე, არც ჩემს მოდგმას, არც ტერლოევს, მაგრამ მე აქამდე ვებრძოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გამო, რომ მომიკლეს ერთადერთი ვაჟი, საწოლში მძინარე და მოვითხოვდი გაეცათ პასუხები, რატომ მომიკალით მე ეს შვილი და მე ეს არ ვიცოდი. თურმე, მორის მაჩალიკაშვილისთვის დარეკილი ჰქონიათ, ბიძაშენმა კარავი თუ გაშალა, თქვენ დაგიჭერთ. ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურად ვებრძოლო, შინაგან საქმეთა სამინისტროს. ნაბიჭვარ, ნაძირალა გახარიას. მე ამ ორივე სტრუქტურას შევებრძოლები. ვნახოთ, ვინ დამარცხდება, ვინ მოიგებს,"- თქვა მაჩალიკაშვილმა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარავი ხელახლა 25 ივლისს, საღამოს გაშალა. დღის პირველ ნახევარში მას პოლიცია კარვის გაშლის ნებას არ რთავდა და არც ამის მიზეზს ეუბნებოდა. მეორე დღეს, 26 ივლისს კი მორის მაჩალიკაშვილი 20 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს. 

აღსანიშნავია, რომ მორის მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ მაისში დაწყებულ გამოძიებაში ფიგურირებს. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე თვის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. სუს-მა მაშინ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს.

უწყების მტკიცებით, მაჩალიკაშვილი ძმისშვილს სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მამაის საფლავის მდებარეობის შესწავლა დაავალა. სუს-ის ვერსიით, მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილის მოკვლას აპირებდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ბრალდების საპასუხოდ თქვა, რომ სახელმწიფოს მისი განადგურება უნდა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით დაიწყო და სუს-მა მკვლელობის მომზადებაში ღიად დაადანაშაულა მალხაზ მაჩალიკაშვილი, სამი თვის შემდეგაც არ არის ცნობილი რამე ახალი ინფორმაცია. ბრალი არავისთვის წარუდგენიათ, მოწმის სახით 8 საათის განმავლობაში კითხავდნენ მორის მაჩალიკაშვილს. ასევე, რამდენჯერმე დაკითხეს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქციის ძალადობრივი დასჯიდან 38 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

კომენტარები