ლარის გაუფასურება

პრემიერი ლარის კურსს ენმ-ს აბრალებს, ეროვნული ვალუტა ბოლო 4 თვეში 23 თეთრზე მეტით გაუფასურდა

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებას ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს. პრემიერის შეფასებით, სწორედ "ამ ავანტიურისტებმა" შექმნეს "ნეგატიური ტალღა" 20 ივნისის შემდეგ.

"ავანტიურისტებმა, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და მის ბელადს, ასევე რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, ეს გაჩერებულიყო და გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო. 

ტურიზმის სექტორი საქართველოში არის ყველაზე სწრაფად ზრდადი, ამასთანავე ეს არის სექტორი, სადაც ინკლუზიურობა, ანუ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ჩართულია ამ სექტორში, არის ყველაზე მაღალი. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ტემპი ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. 20 ივნისზე შეფასება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს იყო სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი. პირადად მე და ჩემი გუნდის ყველა წევრი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას და ახალგაზრდებს, რომლებიც 20 ივნისს გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე. მაგრამ, ეს ავანტიურისტები შეეცადნენ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის და მიიტანეს შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე, მარტივი კითხვა ხომ უნდა დავსვათ - რას ეფუძნება ეკონომიკის მდგრადი განვითარება? - ეს ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს, ასევე პროგნოზირებადი თამაშის წესებს. ის ნეგატიური ტალღა, რაც ამ ავანტიურისტებმა შექმნეს, ეკონომიკას ეხმარება თუ პირიქით, აფერხებს? - ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ იმ ექსპერტებს, რომლებიც ამ კითხვას სვამენ. თან მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ტურისტულ სექტორზე, რომელიც ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში" - ამბობს მამუკა ბახტაძე.

ლარი რამდენიმე თვეა, რაც თითქმის ყოველდღიურად უფასურდება. ეროვნულ ვალუტას ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთი კვირით ჰქონდა გამყარების ტენდენცია. ზუსტად 4 თვის წინ, 1 დოლარი 2.6822 ლარი ღირდა, რაც 23.5-თეთრიან გაუფასურებას ნიშნავს. რაც შეეხება ევროს, 26 მარტს მისი ღირებულება 3.0349 ლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა 21.5 თეთრით გაუფასურდა.

თავდაპირველად, მმართველი გუნდი ლარის დევალვაციას "რეგიონის პრობლემებს" და "ცუდ მოლოდინებს" უკავშირებდა, ბოლო პერიოდში კი, პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას და 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ პროცესებს აკისრებს.

კომენტარები