დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში დღეს ტერეზა მეის შემცვლელს ირჩევენ

ჯერემი ჰანტი / ბორის ჯონსონი
Reuters

დღეს ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში ახალ ლიდერს და შესაბამისად ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე ტერეზა მეის შემცვლელს აირჩევენ.

პოსტისათვის ლონდონის ყოფილი მერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი იბრძვიან. ფავორიტად ჯონსონი მიიჩნევა. შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. გამარჯვებული მოვალეობის შესრულებას ოთხშაბათიდან შეუდგება.

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა თქვა, რომ თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი ბორის ჯონსონი პრემიერმინისტრი გახდება. მან BBC-ს ეთერში თქვა, რომ ჯონსონის ბრექსითის გეგმას 31 ოქტომბერს შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების თაობაზე მხარს ვერ დაუჭერს.

მანამდე იუსტიციის მინისტრმა დავიდ გაოკემ თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგება, თუ ბორის ჯონსონი პრემიერმინისტრი გახდება.

ბორის ჯონსონს მიაჩნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დაწესებულ ვადაში, 31 ოქტომბერს აუცილებლად უნდა დატოვოს, თუნდაც შეთანხმების გარეშე. მისი კონკურენტი ჰანტი კი მიიჩნევს, რომ ახალი შეთანხმების მისაღწევად ბრექსითის ვადის კიდევ ერთხელ გადადება შესაძლებელია.

გასულ კვირას ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისათვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები